სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ პრობლემები შექმნა. მარტვილში, ქარმა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს გადახადა, ასევე ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში რამდენიმე კერძო სახლს.
როგორც ირკვევა, ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავიც დააზიანა, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
“ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, სპეციალური კომისიები შეისწავლიან ზარალს” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგჩიამ.