თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ სადგურებზე სარებილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება…
რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რადგან არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.