ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ჟურნალ “გზას” ინტერვიუ მისცა, სადაც მის პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
– ხშირად ამბობენ: წარმატებას იღბლის გარეშე ვერ მიაღწევო. ამაზე რას ფიქრობთ?
– ჩემზე ახალგაზრდები, ნიჭიერები, ჭკვიანები და სიმპათიურები არიან, მაგრამ მე ამდენი წელია ეკრანზე ვრჩები. რატომ? – იმიტომ, რომ ვიცი: ჩემს კოლეგას გული არ უნდა ვატკინო, ხელი არ შევუშალო და წინ არ გადავეღობო, სხვისი არ შემშურდეს და ჩემი მაყურებლის პულსზე მედოს ხელი. ამიტომ ვცდილობ, ხალხთან ურთიერთობა არ გავწყვიტო. თვეში ორჯერ ლილოს ბაზრობაზეც დავდივარ, ბევრჯერ ჩამოვმჯდარვარ დახლებს შორის და ყავა დამილევი. ჩემი მაყურებელი ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ხალხთან ახლოს ვიყო, რადგან მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
– ჩვენს ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა ოჯახთან, ნათესავებთან, ახლობლებთან… ამ შემთხვევაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ის, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს სიხარული მივანიჭოთ. მაგალითად: დედაჩემი 85 წლისაა. ყველაფერი აქვს, სულ ვახარებ, რაღაცებს ვჩუქნი და ყველაფერს ვუკეთებ, რომ ბედნიერი იყოს. ამ ახალ წელს ბევრი ვიფიქრე, როგორ გავახარო-მეთქი? ავდექი და სოფლიდან თავისი და-ძმა ჩამოვუყვანე. ისხდნენ ეს მოხუცები, იხსენებდნენ ბავშვობას, ახალგაზრდობას და ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ მათ დანახვას არაფერი სჯობდა. მე იქვე, შორიახლოს ვიდექი და უნებურად, ცრემლები მომდიოდა. ამ ამბის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ადამიანებს ბედნიერებას რომ მიანიჭებ, შენც ბედნიერი ხდები. ჩვენი ზრუნვა ახლობელ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ: როგორ შეიძლება უხეშად მოექცე დედას, რომელმაც 9 თვე მუცლით გატარა და შენთვის ამდენი რამ გააკეთა? ვფიქრობ, რომ მშობლების სიყვარულისა და პატივისცემის გარეშე ადამიანის ცხოვრება ბედნიერი და წარმატებული ვერ იქნება.
– ბუმერანგის პრინციპის თუ გჯერათ?
– რა თქმა უნდა. ადამიანები საკუთარ თავს იუბედურებენ, როცა სხვაზე ცუდს ამბობენ, აკეთებენ ან სხვისი ცუდი უხარიათ. გამოგიტყდებით, ჩემზე სულ არ მოქმედებს, როდესაც ვიღაც გამლანძღავს ან გამაკრიტიკებს. რატომ? – იმდენად მიყვარს ჩემი თავი, რომ სხვისი ლანძღვით გულს ვერ დავიმძიმებ. თუ ვიღაც უარყოფითად მაფასებს და არ მოვწონვარ, ეს მისი დამოკიდებულებაა, მისი თავისუფალი აზრია და დაე, ჰქონდეს ეს აზრი. ამიტომ სოციალურ ქსელშიც, არასოდეს არავის ვპასუხობ აგრესიულად, უფრო მეტიც, არასდროს გამოვთქვამ ჩემს აზრს.
– პირად ურთიერთობებზეც უნდა ვისაუბროთ: ალბათ თქვენც გყავთ მეგობრები, რომლებიც მეუღლეს გაშორდნენ და ამბობენ, რომ ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, რას ეუბნებით მათ?
– სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევები ცხოვრებაში მეც მქონია და ვიცი: არსებობს წყვილი, რომელიც ერთმანეთს ვერ შეეგუა, ვერ შეეწყო ხასიათით, მენტალობით, სექსუალური ურთიერთობით და ა.შ., მაგრამ ხომ არსებობს ცივილიზებული ურთიერთობა? ხომ შეიძლება დაჯდე, ადამიანს ყველაფერი აუხსნა და დაელაპარაკო? მე მაგალითად, ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი და ისინიც მიგზავნიან, დაბადების დღეებს და დღესასწაულებს მილოცავენ, მოკლედ, მათთან ძალიან კარგი, ადამიანური ურთიერთობა მაქვს.