პროკურატურამ თბილისში, ვეკუას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია 25 იანვარს მომხდარ დანაშაულზე, რომელიც ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.