საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ თანადებობას ის 2019 წლის 8 სექტემბერიდან იკავებდა.
„დაიჯესტი“ გიორგი გახარიას ქონებით დაინტერესდა, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ:
გიორგი გახარიამ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2013 წელს შეავსო, როგორც საგადასახადო ომბუდსმენმა. 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, გახარია ოჯახში 4 ადამიანთან ერთად ცხოვრობდა: მეუღლე – მარიკა ფანცულაია, შვილი – ანნა გახარია, მამა – ზაურ გახარია, დედა – მზია ლეჟავა.
2013 წლის დეკლარაციით, თავად გიორგი გახარია ფლობდა ბინას რუსეთში, მოსკოვის ოლქში, მისი მეუღლე მარიკა ფანცულაია მიწის ნაკვეთს თბილისში, ხოლო მშობლები- ბინებს თბილისში და ა.შ.
ასევე, 2013 წლის დეკლარაციით გიორგი გახარიას 5 სხვადასხვა საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი.
2013 წლის დეკლარაციით გახარია ფლობდა წილს რუსეთში დაფუძნებულ კომპანია LLS „Koxta”-ში, საიდანაც შემოსავლის სახით წლის განმავლობაში 82 ათასი დოლარი მიიღო. კომპანიის 18% მან 2012 წელს 60 000 დოლარად გაყიდა. სრულად თავისი წილი გახარიამ ამ კომპანიაში 2014 წელს გაასხვისა 136 000 დოლარად.
2012 წელს გახარია ლუფტჰანზა სერვის გრუპ ლსგ-ში მუშაობდა და მისი წლიური ანაზღაურება 88 ათას ევროს შეადგენდა. 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, გახარიამ ბინის რემონტში 110 000 ლარი დახარჯა.
2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარია მშობლებთან ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა, თუმცა დეკლარაციაში მშობლების კუთვნილებაში არსებული ქონება მაინც მიუთითა. 2016 წლის მონაცემებით, რაიფფაიზენ ბანკში გახარიას ანგარიშზე ნაშთის სახით 102 900 დოლარი ერიცხებოდა. ამ დეკლარაციით, მისი, როგორც საგადასახადო ომბუდსმენის, შემოსავალი 75 ათასი ლარი იყო, წინა წლებში გახარიას წლიური ხელფასი 42 ათას ლარს შეადგენდა.
2017 წლის დეკლარაცია გიორგი გახარიამ უკვე როგორც ეკონომიკის მინისტრმა ისე შეავსო, თუმცა დეკლარაცია წინა წლის მონაცემებს ასახავს. ამ დეკლარაციით, რაიფფაიზენ ბანკში მის ანგარიშზე 452 900 დოლარი იყო განთავსებული. დეკლარაციაში მითითებულია, რომ გახარიამ უძრავი ქონება 350 000 დოლარად გაყიდა, სავარაუდოდ, ეს მისი რუსეთის სახლია, რადგან ამ დეკლარაციაში გახარია პირადად უძრავ ქონებას აღარ ფლობს. 2016 წლის დეკლარაციით, გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია კვლავ ფლობს თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 395 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
2018 წლის დეკლარაციით, მარიკა ფანცულაიას სახელზე ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი აღარ ფიგურირებს. მან უძრავი ქონება 720 000 ლარად გაყიდა. მარიკა ფანცულაია საქართველოს ბანკში 520 000 დოლარის დეპოზიტს ფლობს, სამაგიეროდ გიორგი გახარიას ანგარიში რაიფფაიზენ ბანკში იხურება. 2018 წლის დეკლარაციით, გახარია და მისი ცოლი ნაღდი ფულის სახით 18 000 ლარსა და 5000 დოლარს ფლობენ. 2018 წლის დეკლარაციით, გიორგი გახარიამ მშობლების ბინის რემონტში 50 000 ლარი დახარჯა, ხოლო მამას, ზაურ გახარიას, 120 ათასი დოლარი აჩუქა. 2018 წლის დეკლარაციით, გიორგი გახარია და მარიკა ფანცულაია უძრავ ქონებას არ ფლობენ.
რაც შეეხება მის ქონებას, 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის პირად საკუთრებაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება ფიქსირდება. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 4 850.99 ლარი და 266,76 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება გახარიას გასავალს, შვილის სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა გასულ წელს 5 220 ევრო შეადგინა.
გიორგი გახარია მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს „ტოიოტა RAV4-ს“, რომელიც 2016 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 520,006.41 დოლარი და 1 192,5 ლარი ჰქონდა. გახარიას მეუღლის გასული წლის შემოსავალმა ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობისას 11 372 ლარი შეადგინა.
წყარო: “დაიჯესტი”