რამდენიმე დღის წინ რუმინეთში ჩვილი ნათლობისას მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
ექვსი კვირის ბავშვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
როგორც საავადმყოფოს წარმომადგენლებმა შემდგომ განაცხადეს, ბავშვი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც მისი ინტუბირება და სუნთქვის აპარატზე მიერთება გახდა საჭირო.
“სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა, რომელიც ადგილზე მივიდა, რეანიმაციული დახმარება აღმოუჩინა, შემდეგ კი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოიფლებაში მოათავსეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. დასჭირდა ინტუბირება და მექანიკური ვენტილაცია”, – განაცხადეს საავადმყოფოში.
რუმინული მედიის ცნობით, ბავშვი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც მან ემბაზში [მოსანათლავი ჭურჭელი] დიდი ოდენობით წყალი გადაყლაპა.
იმ მართლმადიდებელი ტაძრის დეკანოზი, რომელშიც ნათლობის რიტუალი შესრულდა, აცხადებს, რომ ყველაფერი ეკლესიის მიერ დადგენილი წესის დაცვით გაკეთდა, რაც გულისხმობს ადამიანის წყალში 3-ჯერ შთაფვლას (ჩაძირვა, ჩაყვინთვა). დეკანოზი დორუ ბუდეანუ ამბობს, რომ იმ მღვდელსაც ესაუბრა, რომელმაც რიტუალი შეასრულა და სასულიერო პირი ამბობს, რომ ბავშვი ნათლობისასაც და წყლიდან ამოყვანის შემდეგაც ტიროდა. ამით სასულიერო პირი მიანიშნებს, რომ ბავშვის სასიცხოცხლი ნიშნები ნორმაში იყო. ამის შემდეგ, დეკანოზის განცხადებით, ბავშვი, რომელიც “ნაადრევად იყო დაბადებული”, მოდუნდა და სასწრაფოში დარეკეს.
სხვა ინფორმაციას ავრცელებს ბავშვის ოჯახი. Universul.net-ის ცნობით, იმას, რომ ბავშვი ტიროდა, ადასტურებს მამაც, თუმცა დასძენს, რომ ბავშვს ნათლობის ცერემონიის შემდეგ ცხვირიდან სისხლი წასკდა, ხოლო მისი გულისცემა დაეცა, რის შემდეგაც პოლიციაში მათ დარეკეს.
“როდესაც ხედავ, რომ ბავშვს პირი ღია აქვს და ტირის, მას წყალში არ ჩააყვინთინებ, ასე არ არის?”, – აცხადებს მამა.
Universul.net-ის ცნობით, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ბავშვის გული გაჩერდა და გარდაიცვალა.
რუმინეთის საპატრიარქომ სუჩავას ეპარქიას მოუწოდა, მომხდარი დროულად გამოიძიონ. საპატრიარქოს პრესცენტრმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო და ოჯახს მიუსამძიმრა.
Obiectiv de Suceava -ის ცნობით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი წესით ახალშობილებს რიტუალის შემსრულებელმა მღვდელმა წყალი მხოლოდ შუბლზე უნდა მიასხას და არ ჩააყვინთინოს.
რუმინული მედიის ცნობით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. მსგავსი შემთხვევა რუმინეთში 2010 წელსაც მოხდა, რა დროსაც ასევე 6 კვირის ბავშვი დაიღუპა.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმიანება:
„6 კვირის ბავშვი მოკლა მღვდელმა ნათლობისას, რადგან სამჯერ ჩააყვინთინა წყალში. გვამის გაკვეთის შემდეგ ჩვილს 110 გრამი წყალი აღმოაჩნდა ფილტვებში.“