პოლიტიკოს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალეიდან 16 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, ზურაბის ძმა, გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თავისი ძმა, როგორც ოჯახის წევრებს ისე სამშობლოს ძალიან აკლია.
„ზურა პრემიერ-მინისტრი, რომ გახდა საკმაოდ ვნერვიულობდი, რადგანაც ქვეყანა მთლიანად მოშლილი იყო. ხალხს თვეობით ხელფასები და პენსიები ენატრებოდა, ადამიანებს ქუჩებიდან იტაცებდნენ და პანკისში მიარბენინებდნენ. თვითონ ეს მხარე ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმი იყო, ხოლო აჭარა კი მოსკოვიდან მართული საფეოდალო, ქვეყანა მორიგი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იდგა.
ამასობაში აგვისტოში ცხინვალში ისევ სისხლისღვრა დაიწყო, ამ დროს ქართველი ჯარისკაცები დაკონკილები დადიოდნენ, ხოლო, როგორც მაგ დროის ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრი ამბობდა, ძირითადი შეიარაღება „რაგატკები“ იყო. პოლიციის და ბევრი სხვა სახელმწიფო უწყების ძირითადი საქმიანობა ფულის გამოძალვა გახლდა. ყოველივე ეს ძალიან მაშფოთებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად, რადგანაც თურმე ერთი წელი სრულიად საკმარისი ყოფილა ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
სამწუხაროდ, მეტი აღარც ზურას აცალეს, ოჯახს და ქვეყანას ჩამოაშორეს. 16 წელი გასულა უკვე იმ დღიდან და ძალიან, ძალიან აკლია ზურა ჩვენს ქვეყანას“, – წერს გოგლა ჟვანია.