საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
‘ჩემი შეთავაზება პარტიასა და არაპარტიულ თანამებრძოლებს “პოლიტიკური აქტიურობის და ერთიანობის კომიტეტის შექმნაზე”.
ეს ორგანო უნდა იყოს ამერიკული PAC ან SUPERPAC კომიტეტის ანალოგი. წევრები ვიქნებით მე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დიასპორის ერთი წარმომადგენელი ამერიკიდან და 2 წარმომადგენელი ევროპიდან, ენმ-ის ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების გამორჩეული პირები, რომლებიც მაღალი ავტორიტეტითა და ცნობადობით სარგებლობენ მოსახლეობაში.
ეს იქნება პატარა (არაუმეტეს 20-25 წევრისა), მოქნილი და ბიუროკრატიული სტრუქტურიზაციისგან თავისუფალი პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობით და კონსენსუსით უხელმძღვანელებს ჩვენს საქმიანობას გარდაუვალი გამარჯვების გზაზე.
კომიტეტის გადაწყვეტილებები მიღებული იქნება გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიული საჯარო დისკუსიის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილებები ჩამოაყალიბებენ კონკრეტულ პროგრამებს, რომლითაც ენმ-ის არსებული სამდივნო იხელმძღვანელებს თავის პრაქტიკულ საქმიანობაში.
ახლა კი გვინდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ეს არ იქნება კიდევ ერთი ახალი და არასაჭირო ბიუროკრატიული წარმონაქმნი, ეს კომიტეტი მოიაზრება როგორც ჩქარი “რეაგირების და იდეების გენერალური ინსტრუმენტი”. გარდა ამისა, ეს იქნება ორგანო, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, თუნდაც მწვავედ დაპირისპირებული იდეების შეჯიბრებითობის პრინციპის გაღვივებას.
ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს იმის ფუფუნებას, რომ დავუშვათ სიტუაცია, როდესაც განსხვავებული სამომავლო ხედვები, სამოქმედო გეგმები და გამომდინარე ბრძოლის მეთოდები ხდება პარტიის განხეთქილების მიზეზი და იწვევს დაბნეულობას, ან გაურკვევლობას ენმ-ის თავდადებულ ამომრჩეველთა შორის.
და ბოლოს, ასეთი ჯგუფები არსებობს ბევრ ქვეყანაში, არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ გადაწყვეტილებას ყრილობას, ან პლენუმს, ან რაიმე სპეციალურ თავშეყრას და არ არის მუდმივი ორგანო, ანუ ემსახურება სპეციფიკური კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, ამ შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვებას”–წერს სააკაშვილი.