იცოდით, რომ ყავა არა მხოლოდ გამამხნევებელი და მატონიზირებელი სასმელია, არამედ შესანიშნავი კოსმეტიკური პროდუქტია? ყავის მარცვლებით შეგიძლიათ მოამზადოთ სახის და ტანის ნიღბები და სკრაბები, რომლებიც დაგეხმარებათ კანის წმენდაში და მეტიც, ისევე ეფექტური იქნება, როგორც ძვირად ღირებული სალონის პროცედურები. პროცედურის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ყავის მარცვლებს აქვს გამწმენდი და მატონიზირებელი თვისებები. ხოლო საშინაო პირობებში ყავის ნალექით დამზადებული ნიღბები დაგეხმარებათ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე და სიბზინვარე, არამედ ბანალური მოვლა ნამდვილ “SPA” პროცედურად აქციოთ. წარმოგიდგენთ ყავის ნალექის 5 მარტივი ნიღბის რეცეპტს, რომელთა გაკეთებაც სახლში მარტივად შეგიძლიათ.
გამწმენდი ნიღაბი
ასეთი ნიღბის მოსამზადებლად აუცილებელია მცენარეული ზეთი და ყავის ნალექი თანაბარი პროპორციით შეურიოთ. დაამატეთ მწიკვი დარიჩინი და მარილი. წაისვით მასა სახესა და კისერზე მასაჟური მოძრაობებით. 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს, ხელს უშლის აკნეს გაჩენას.
მკვებავი ნიღაბი
აიღეთ 1 დესერტის კოვზი ყავის ნალექი და ამდენივე არაჟანი. ამ მასას დაუმატეთ 5 მლ მცენარეული ზეთი. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ეს ნიღაბი კარგად კვებავს კანს და აშორებს მკვდარ უჯრედებს. ეფექტურია მშრალი და ნორმალური კანის მქონე ადამიანებისთვის.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
3 ს.კ. გამდნარი თაფლი შეურიეთ 1 ჩ.კ. დაფქულ ყავას. თანაბრად წაისვით სახეზე. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით 25 წუთის შემდეგ. ეს ნიღაბი დაბერების საწინააღმდეგო ძვირად ღირებული პროდუქტების ღირსეული ალტერნატივაა.
ვიტამინის ნიღაბი
თანაბარი პროპორციით აურიეთ 1 სუფრის კოვზი დაფქული ყავა მწვანე ვაშლის რბილობს. მიღებულ ნარევს დაუმატეთ 10 მსხვილი უთესლო ყურძნის რბილობი, გახეხილი. წაისვით სახეზე და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ვიტამინების მუხტი თქვენს კანზე უზრუნველყოფილია!
ნიღაბი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის
შეურიეთ 1 ჩ.კ. ყავა 1 ს.კ. თეთრ ან ლურჯ თიხას. მიღებულ მასას დაუმატეთ თბილი ადუღებული წყალი, მიიყვანეთ კრემისებრ მდგომარეობამდე. წაისვით სახეზე, მოერიდეთ თვალის მიდამოებს! შეგიძლიათ ჩამოიბანოთ 20 წუთის შემდეგ. ეს ნიღაბი შესანიშნავია ცხიმიანი კანისთვის და ანთებასთან საბრძოლველად.
წყრო;მარაო