ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსმა მსოფლიოში ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა ვირუსმა საქართველოშიც… თუმცა, მანამდეც არაერთ ვირუსს, მათ შორის, ე.წ. “ღორის გრიპს” საკმაო ზიანი აქვს ადამიანებისთვის მიყენებული, მათ შორის, საქართველოშიც…
9 იანვარს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, 22 წლის სალომე ქემაშვილი ღორის გრიპმა იმსხვერპლა. მისი გარდაცვალება უამრავმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა…
სალომე და მისი მეუღლე, ირაკლი კვატაშიძე 2 წლის შეუღლებულები იყვნენ. მათი შვილი ელენე, დედის გარდაცვალების დროს წლისა და 5 თვის იყო… დაობლებულ პატარას სალომეს დედამთილი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე ზრდის, რომელიც AMBEBI.GE-სთან ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს:
– ეს ამბავი ლამაზი ზღაპარივით დაიწყო და ტრაგიკულად დამთავრდა… ჩვენ გარშემო ბევრი კარგი დედამთილი და რძალია, რომლებსაც სამაგალითო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა რაღაც არარეალურად, არაჩვეულებრივად დაიწყო და ასე მოულოდნელად, დიდი ტკივილით დასრულდა.სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა, ჩემი შვილი და სალომე მეგობრები იყვნენ. სალომეს ვორონცოვზე ერთოთახიანი ბინა ჰქონდა, სადაც სტუდენტობის პერიოდში ცხოვრობდა. ჩემმა შვილმა ერთხელაც სახლში, როგორც მეგობარი, გასაცნობად მოგვიყვანა (ვიცოდი, რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვარდათ). დანახვისთანავე გულთან ახლოს მოვიდა და იცით, რა ვუთხარი? – სალო, მოდი, ჩვენთან დარჩი და ინსტიტუტში აქედან იარე, მარტო ცხოვრობ და ცოდო ხარ-მეთქი. გაეცინა… მე და შენ ერთად, ერთ ოთახში დავიძინოთ, შვილივით მეყოლები, მარტო რატომ უნდა იყო-მეთქი? – ეს უნებლიედ ვუთხარი. მოკლედ, შვილივით მივიღე და შევიყვარე, თვითონაც ასეთივე განწყობით შემოვიდა ჩვენთან…
– დღეს, დაობლებულ შვილიშვილს თქვენ ზრდით?
– ჩემმა შვილებმა იციან, ელენიკო ჩემთვის მათზე უფრო მეტია. ის ახლა უკვე სამწლინახევრისაა… ენა გვიან ამოიდგა, მაგრამ პირველი სიტყვა თქვა – დედა და ასე მე დამიძახა. ეს რომ ჩემმა მეუღლემ გაიგო, გაოცებულმა დამიძახა: გესმის, ბავშვი რას ამბობსო? იმ წუთებს რა დამავიწყებს…
მეც არ დავუშალე და იცით, რატომ? დედის სამყარო კი დაკარგა, მაგრამ რა დააშავა ბავშვმა? ამანაც თქვას ეს ჯადოსნური და სასწაული სიტყვა – დედა. რომ გაიზრდება, ყველაფერს გაათვითცნობიერებს და ბევრ რამეს თვითონ შეაფასებს…