თბილისის „ევექსის“ კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდი, მეათე კლასელი ლევან ბალაძეა. არასრულწლოვანი 15 იანვარს 15 წლის გახდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა, თუმცა მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა. ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. როგორც ოჯახის ახლობლებმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადეს, გარდაცვლილს ბავშვობიდან თირკმლების პრობლემა ჰქონდა და კატეგორიულად გამორიცხავენ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს.
„15 წლისაა და ალბათ 10 წელია თირკმლები აწუხებდა. სულ მედიკამენტებს ღებულობდა. სად არ ყავდათ წაყვანილი გამოკვლევებზე მშობლებს, საქართველოსა თუ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში. ჭარბი წონაც ჰქონდა. მგონი 20 იანვარი იყო, შეუძლოდ გახდა. თირკმლები გაუჩერდა, არ ვიცი რა ჰქვია სამედიცინო ტერმინოლოგიით. შარდზე ვერ გადიოდა. ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ ერთი დღე იყო და თბილისში წაიყვანეს, სადაც ერთი კვირა იყო კლინიკაში. ბოლო დღეებში გაუმჯობესდა ბავშვის მდგომარეობა, ექიმებსაც უთქვამთ მშობლებისთვის, როგორც ვიცით, უკეთ არისო და მოულოდნელად გუშინ გარდაიცვალა. არანაირი კორონავირუსი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. კორონავირუსით რომ იყოს გარდაცვლილი, სპეციალურ გვამის ჩანთაში ხომ უნდა მოათავსონ და 72 საათში დაკრძალონ, ხოდა, ჩვეულებრივად არის ჩასვენებული კუბოში და სამშაბათს, 2 თებერვალსა დაკრძალვა. ტყუილია, კორონავირუსი არ ჰქონდა. საოცარი ბავშვი იყო, ჭკვიანი, ზრდილობიანი, თბილი, ყურადღებიანი. ვაჟკაცურად უმკლავდებოდა დაავადებას, თუმცა ასე სამწუხაროდ დასრულდა ყველაფერი“- აცხადებენ ოჯახის ახლობლები.