“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი პოლიტიკური პროექტია იარაღის ტარების ლეგალიზაცია:
– ჩვენი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით.
– რატომ უნდა ჰქონდეს? ეს უფრო არ გაზრდის კრიმინალს?
– ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და აგერ არიან რუსები, რომლებიც შემოდიან და ჩაგრავენ ჩვენ მოქალაქეებს. ამ დროს ჩვენს მოქალაქეებს იარაღის ტარების უფლება ავუკრძალეთ. ლეკიანობა რომ იყო, ადრე, მაშინ ერეკლე მეფეს საქართველოს მოსახლეობისთვის იარაღის ტარების უფლება რომ აეკრძალა, ეს ხომ არაგონივრული იქნებოდა?! ასეა ახლაც, როგორც გვეპყრობიან ადმინისტრაციულ საზღვრებთან, რაც ხდება.
– ცეცხლი უნდა გაუხსნან ოკუპანტებს? ამას სთავაზობთ?
– არა. ცეცხლის გახსნაზე არ არის საუბარი, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა მოდის ოკუპანტი და იცის, რომ შენ ჩამორთმეული გაქვს იარაღი და იცის, რომ ისეთი ქვეყანაა, სადაც ადამიანებს იარაღის ტარების უფლება არ აქვთ და მეორეა, იცის, რომ ამ ქვეყანაში იარაღის ტარება ლეგალიზებულია და მოქალაქე შეიარაღებული დადის. რომელ ქვეყანაში უფრო წაგიცდებოდათ ხელი ადამიანების ჩაგვრისკენ? ეს არის მთავარი არსი, რომ საკუთარი თავი ძალადობისგან დავიცვათ. მოძალადეები ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ბევრი გვყავს.
წყარო: “ახალი თაობა”