ასკილი, ველური ვარდი — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ ხვიარა, ეკლიანი ბუჩქებია. აქვთ კენტფრთისებრი ფოთლები. ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები (ვარდისფერი, წითელი, თეთრი, იშვიათად ყვითელი) ცალად ან ქოლგისებრ-საგველა ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. მომწიფებისას ხორციანი ხდება და იღებს ნარინჯის, წითელ, ზოგჯერ შავ ფერსაც.
ასკილის ბუნებრივი არეალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია 400-მდე სახეობა, საქართველოში – 25, მათგან 5 ენდემურია. ასკილი იზრდება ტყის პირებზე, იშვიათად ქვეტყეში, ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ მდელოებზე და სხვა. ნაყოფი შეიცავს B2, P, K ვიტამინებს, A პროვიტამინს, დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფი — შაქარს, სახამებელს და აზოტოვან ნივთიერებებსაც. იჭმება ნედლი და დაკონსერვებული.
ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს. თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.
ნაყენს ხმარობენ ღვიძლის დაავადებისას. ფესვები მდიდარია მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებებით. ასკილს იყენებენ ბაღის ვარდის საძირედ, ცოცხალ ღობედ და დეკორატიულ მებაღეობაში.
ასკილის ნახარში გამოგადგებათ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ის ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას გაციების დროს.
- მიუხედავად ყველა ამ სარგებლისა, ასკილი თურმე შეიძლება მავნებელიც იყოს გარკვეულ შემთხვევებში. მაგალითად, ექიმების თქმით, ჰიპერტონიით დაავადებულებმა ასკილის ჩაი მხოლოდ მინიმალური რაოდენობით შეიძლება მიიღონ. საქმე ისაა, რომ ასკილს ორგანიზმის მატონიზებელი თვისება აქვს და ზრდის არტერიულ წნევას.
გარდა ამისა, ასკილი რეკომენდებული არ არის არც მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს − იქნება ეს მწვავე გასტრიტი, წყლული თუ კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა.