საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი წმინდა ნინოს ნათესავი იყო, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
გიორგობას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) ზეიმობს. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.
წმინდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმინდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.
ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფვოდა სიკვდილსა შენსა“, – ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, – „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია“.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.
ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“.
წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.