გთავაზობთ ამონარიდს დეკანოზ შალვა კეკელიას ინტერვიუდან, რომელიც მან „კვირის პალიტრას“ მისცა.
„ – პატრიარქის სტიქაროსანი იყავით…
– პატრიარქთან პირველი შეხება 1989 წელს მქონდა, როცა გიორგი ჭყონდიდლის ხსენების დღეს მარტვილში ჩამობრძანდა. დედამ მასთან სამადლობელი წერილი გამატანა. პატრიარქმა მაშინ “ლოცვანი” მაჩუქა, რომელიც ჩემი პირველი “ლოცვანი” იყო. მერე ჩვენს სოფელში ტაძრის საძირკველი აკურთხა. მაშინ ფოტოაპარატი მქონდა. მე ხეზე ვიყავი ამძვრალი და პატრიარქს იქიდან ვუღებდი ფოტოებს. როცა სემინარიაში ჩავაბარე და უწმინდესის სტიქაროსანი გავხდი, ცხადია, ხშირად ვხვდებოდი. ერთხელ, ექვსფსალმუნებას ვკითხულობდი სიონის ტაძარში და როცა დავასრულე, საკურთხეველში შევედი მისგან ლოცვა-კურთხევის ასაღებად. მითხრა, იცი, როგორ უნდა წაიკითხო ფსალმუნი ამიერიდანო? როგორ-მეთქი? როცა ფსალმუნს კითხულობ, ღმერთს უნდა ესაუბრო, ჯერ ღმერთს უნდა გააგებინო, რას ევედრები და მერე შენ გაიგე და გაიაზრე, რას კითხულობ მთელი არსებით და ხალხი თავისთავად გაიგებსო. ჩემთვის უწმინდესი მაგალითია სასულიერო პირისა, მღვდლობის, მოღვაწეობის, საოცარი სიყვარულის. არ მახსოვს, მას ვინმე განეკითხოს, ყოველთვის ყველა ადამიანში მხოლოდ დადებითს ეძებდა, მისი მტერიც რომ ყოფილიყო და ჩვენც ამას გვასწავლიდა.“
