„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ექვსი წლის ვიქნებოდი, მეტის არა, წერა და კითხვა ახალი ნასწავლი მექნებოდა. ჩემი ბახველი ბებია ქვრივი იყო და მარტო ცხოვრობდა. დეიდაჩემი მოდიოდა მასთან შაბათ კვირას აკეთიდან, დედაჩემს ხშირად გავყავდი ასკანიდან და მათთან მტოვებდა ორშაბათამდე. მივლიდენ, მანებივრებდენ, სითბოს და სიხარულს არ მაკლებდენ, მარა რად გინდა? როგორც ბებიაჩემი ამბობდა:
“წაი არ ეყურება და მოი.
დევიღუპეთ, დევიქეცით, დევიფსეთ ცა…” შეჩივლებდა დეიდაჩემს..
“აი ბაღანა ჩემი გაზდილი კი არა ჩემსას სტუმრათ ნამყოფი არ გეგონება, აფერი რომაა, ანაგებათ აფერი არ გამუა ამისგან.”
ვედობოდი ხეს და მიწას, ხან ღელეში ვიჯექი საკვატიაში, ხან ბიმბილა ბალის წვერში მევექცეოდი, იყო სულ კივილი: “ჩამოი ძირს ნენა ცოცხალი დაგახრედო დედაშენს და მერე რაც გინდა იი ქენი..”
როგორც მიყვებიან შენიშვნები, დავალებები არ მიყვარდა თურმე და ყველა შემჩნევას საშინელი, არასაკადრისი სიტყვებით ვპასუხობდი. დეიდაჩემიც და ბებიაც ჩემს გაუზრდელობას ზენარე ძალებს აბრალებდენ და მოთმინებით ეკიდებოდენ. “ღვთის პირიდანაა გადავარდნილი, ეშმაკი ყავს შეჩენილი და გუუარს..” იყვენ ამ იმედით და ელოდებოდენ როის გამიარს.
ეტყობა მეტისმეტად გავამწარე და უკადრებლები ვიკადრე. დეიდაჩემს და ბებიას უთხოვიათ: “აგერ შენ ცალხაზიანი, თორმეტფურცლიანი რვეული, რასაც ახლა ჩვენ გვიჩივი და გვამკობ მაი სიტყვები დაჟექი და დაწერე, დედაშენი ხომ ამას არ დეიჯერებს რომ ვუთხრათ და ვაჩვენებთ რაფერებს კადრულობ, დიდი ხარ უკვე წერა არ გეშლება და კითხვა”
წაქეზებული, შექებული და შესახელებული მე დურაქი დავმჯდარვარ და დამიწერია. აგერ ამ ბოლოს გადმომცა გაყვითლებული, შუაში გაკეცილი, მწვანე რვეული დეიდამ როგორც სანუკვარი სახსოვარი და საჩუქარი. ეტყობა წერილობით კიდევ უფრო მომინდომებია.
ზურიკო საცივიდან წყალი მეიტანე, გეიქეცი, გამეიქეცი, ღორები გადადენე სათხილიდან, გამეგზანე, გამომეგზანე მოსამსახურე ვარ თქვენი თუ რაი ერთი მაცოდინა? ცივი წყალი მუუნდენ პირზე ქალბატონებს.
რომ დაწყტებით ჩაგდობთ კუბოებში, თავებს დაგიჭედებთ ლურსმანებით, რომე იქიდან არ ამოხვიდეთ. ასე ვიზამ ზუსტათ დიახაც. ციცო ბიცოლას მევიყვან და შეგინცხადებთ.
თქვენ ხართ საძაგელები, ბოროტობები, უბორნიები ხართ კიდომ.”
ეს და ამის მაგვარი ბევრი, რომ არ დაიწერება და არ გამოიჩინება იმისთანები.
ახლა რომ მკითხოს კაცმა ორივე საფიცარია ჩემთვის, სულს და გულს მირჩევნია ერთიც და მეორეც, ბახვში, ვარდოულში, ოროკში, აკეთში ბებიასთან და დეიდასთან გატარებული ყოველი დღე კი ზღაპარივით მახსენდება და დღემდე მათბობს.
ნეტა რა ქვია ამას?“ – წერს ზურა შევარდნაძე.