ფტიზიარი, პროფესორი ნანა ქირია გადაცემაში საუბრობს, რატომ შეიძლება გადიდდეს ლიმფური კვანძი და ყოველთვის საშიშია, თუ არა ეს პროცესი:
– ორგანიზმში, დაახლოებით, 500-მდე ლიმფური კვანძი გვაქვს. ის ყველგან მდებარეობს. ლიმფური კვანძის გარკვეული ჯგუფი ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ არეალს აკონტროლებს. ამიტომ, თუ ამ არეალში რაიმე მოხვდება, იქნება ეს, სხვადასხვა ინფექციური აგენტი, სიმსივნური უჯრედი, ან სხვადასხვა სახის ტოქსინი, ის ცდილობს, შეებრძოლოს და გაანეიტრალოს. ლიმფა თხევადი, წებოვანი სითხეა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობის იმუნური უჯრედებია. ლიმფური კვანძები შეიძლება იყოს პერიფერიაზეც და უფრო ღრმადაც. მაგალითად, გულ-მკერდის, მუცლის არეში, ბარძაყის კუნთოვან ქსოვილში და ასე შემდეგ. მოსახლეობა უფრო ხშირად პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებაზე აკეთებს აქცენტს იმიტომ, რომ ის კარგად ჩანს, ხელითაც ისინჯება და შეშფოთების უფრო მეტ საფუძველს იძლევა. იმის გარდა, რომ აქ ლიმფოიდური ქსოვილია, ძალიან დიდი რაოდენობით ლიმფოციტებიცაა, რომლებსაც გარკვეული დამცველობითი ფუნქცია გააჩნიათ. მაკროფაგები ფაგოციტოზის უნარით არიან აღჭურვილნი. ისინი სხვადასხვა ტიპის ინფექციურ აგენტებს ანეიტრალებენ. ეს შეიძლება იყოს: ვირუსი, ბაქტერია, სოკო, სიმსივნური უჯრედები და ასე შემდეგ. თუმცა, თუ აგენტები დიდი რაოდენობითაა, ლიმფური კვანძი მოცულობაში იზრდება. ამიტომ, ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის დიდი შეშფოთების საფუძველი არ არის იმიტომ, რომ ძირითად მას დამცველობითი ფუნქცია აქვს.