„ცოცხლად დამარხული ასიათასობით ადამიანი და ნანგრევებად ქცეული ქალაქები – 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7,6-7,7 მაგნიტუდას შეადგენდა. თურქეთში 10 ქალაქი დაინგრა, რომელთაგან 3 მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. ადამიანები ფიზიკურ და სულიერ ჭრილობებს ჯერ კიდევ იშუშებენ.
თურქულ ქალაქ გაზიანთეპში, სადაც შენობების დიდი ნაწილი ჩამოინგრა, ქართველი ქალი, ლია მაისურაძე, მუშაობდა. მან თავისი თვალით ნახა, როგორ ინგრეოდა შენობები და გაიგონა იქიდან ამოსული გამგმირავი ხმები. შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ მოხუცი, რომელსაც უვლიდა, არ მიატოვა.
ლია მაისურაძე გამოვლილ საშინელებაზე ,,სარკეს” უყვება:
– დილის 5-ის 13 წუთი იყო, მიწისძვრა რომ დაიწყო. დღემდე ზუსტად ამ დროს, 5-ის 13 წუთზე ფეხზე ვარ… მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით. მიწისძვრა რომ დაიწყო, გვერდები კედელზე მახლევინა. ვერ ვდგებოდი. ქალი, რომელსაც მე ვუვლი, ლოგინად ჩავარდნილი არ არის, მაგრამ სიარულის დროს ხელს ვკიდებ და ერთად დავდივართ. გვერდიგვერდ ოთახებში ვიწექით და კარი მუდამ ღია მქონდა, რომ გამეგონა ხმა დაძახების შემთხვევაში. რომ მივხვდი, მიწისძვრა იყო, პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, არ ადგეს და არ დაეცეს-მეთქი. როგორც იქნა, წამოვდექი, შევვარდი მის ოთახში, წამომჯდარი იყო…
ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მე ქართულად დავიწყე ლოცვა, მან – თურქულად, თან ვამხნევებდით ერთმანეთს. ის მეუბნებოდა, ნუ გეშინია, შვილოო, და მე დავძახოდი, ნუ გეშინია, დედა-მეთქი. იმდენ ხანს გაგრძელდა, მეგონა, საუკუნე გავიდა. ჯერ აქეთ-იქით გვაქანავა მიწისძვრამ და მერე ზემოთ გვახტუნავა. ზემოთ ხტუნვა რომ დავიწყეთ, მაშინ კი ძალიან შემეშინდა. ამ დროს დაიწყო სამზარეულოში ყველაფრის ლეწვა. კარი გაიღო, უჯრები გამოიღო, ჭაღის ნაწილები ცვიოდა…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე