საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის, მოწამეთა კაპიტოლინას და ეროტიდას, მარკოზისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი (იხ. 26 ოქტომბრის საკითხავი, დიდმოწამე დიმიტრის ცხოვრება). გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
წმინდა მოწამე მარკოზი სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად აზიაში ეწამა ქრისტეს აღსარებისთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმერთოებმა ისინი დახოცეს. წმინდანთა უხრწნელი ნაწილები შემდგომ კუნძულ თასოსზე (თრაკიასა და ათონის კონცხს შორის) გადაასვენეს.