გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში მისი ოჯახის დიდ ტრაგედიაზე ისაუბრა და გარდაცვლილი დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ, აქამდე უცნობი დეტალები უამბო მაყურებელს.
“უნივერსიტეტში იქცა არქიტექტორად, ითამაშა ფილმებში, თეატრის სცენაზე. როგორც მოცეკვავემ მოიარა ისეთი ქვეყნები, რომლის ნახვაც საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ აუხდენელი ოცნება იყო. საწყალი მამაკაცი საზღვრებს მიღმა არასდროს იყო გასული.
ის ცხოვრობდა, ისე როგორც საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობდნენ და აზროვნებდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ აზროვნებდნენ. სწორედ ეს გამოჩნდა ტელევიზიაში, სადაც თავიდან მივიდა, თითქოს როგორც რიგითი დიქტორი, მაგრამ ყველაფერი იყო რიგითის გარდა.
სილამაზესთან ერთად, მას ჰქონდა ის რაც დეფიციტი და დანაშაული იყო საბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობა და შინაგანი თავისუფლება. დღესაც კი უჭირთ ჟურნალისტებს კამერასთან ისე თავისუფლად საუბარი, როგორც ამას ჯულიეტა ვაშაყმაძე აკეთებდა 60 წლის წინ.
ის არ იყო მიჯაჭვული ტექსტს, მას არ ეშინოდა. საკუთარი ვიზუალური სტილიც თვითონ შექმნა. თვითონ იკერავდა კაბებს, იყენებდა მაკიაჟს და ა.შ.
ვიდრე ოჯახს შექმნიდა, ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება, მერე გაგვაჩინა ჩვენ. როცა ჩემი უფროსი და გაჩნდა, დედა 40 წლის იყო.
რამდენიმე წლით ადრე, დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ფილტვების ანთებით ერთი თვის ასაკში დაეღუპა.
ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დაცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება”.