წიგნებს შეუძლიათ ნამდვილად შეცვალონ ადამიანის ცხოვრება. წიგნები შთაგვაგონებენ და გვეხმარებიან, რომ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
ალბათ, ყველა ადამიანის სახლში მოიძებნება 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველი მკითხველის მიერ იქნა შერჩეული. 15 წლის შემდეგ „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, სახლის ბიბლიოთეკის ტომეულს კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კიდევ ერთხელ ატარებს გამოკითხვას, რომელში მონაწილეობაც უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გარკვეული შედეგებიც გამოიკვეთა. 15-ტომეულში არ შევა მხოლოდ ახალი თარგმანები, ეს იქნება ის ლიტერატურული შედევრები, რომლებიც თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ფიქრობთ, რომ სახლის ბიბლიოთეკის კოლექციაში კლასიკური ლიტერატურის ყველა ღირსეული წარმომადგენელი გაქვთ, ეს 15 ინსპირაციული წიგნი სხვადასხვა ჟანრიდან, შესანიშნავი დამატება იქნება.
ამ ეტაპზე TOP 3 წიგნის სახელს გაგიმხელთ, რომლებმაც მკითხველის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა ჩატარებულ გამოკითხვაში.
ჯორჯ მარტინი „ცეცხლი და სისხლი“
თანამედროვე ამერიკელი მწერალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ფენტეზის, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი-რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. მისი რომანების ეკრანიზაციას ალბათ ყველა იცნობს პოპულარული სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“. „ცეცხლი და სისხლი“ ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს შესახებ მოგვითხრობს, რომლის აღზევება ცეცხლით დაიწყო – ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები იყვნენ მათი ძლიერების საყრდენი. ცეცხლში ჩაიბუგა ყველა ურჩი და მათი დიდებული ციხე-დარბაზები, მიწები – ზოგი აყვავებული, ზოგი კი მწირი. დრაკონების ცეცხლში ქვებიც კი იწვოდა. გადიოდა ხანი და ტარგარიენები მრავლდებოდნენ. მრავლდებოდნენ მათი შთამომავლებიც… რკინის ტახტი ანდამატივით იზიდავდა ყველას – და ძმას წაეკიდა, შვილი – მშობლებს, შურმა და შუღლმა დაასუსტა ერთ დროს უძლეველი ტარგარიენები და დაიწყო დასასრული, ამჯერად სისხლით… რადგან დრაკონებიც არ არიან უკვდავნი, ერთ მშვენიერ დღეს მათი ცეცხლიც ინავლება…
ნაირა გელაშვილი „დედის ოთახი“
მარტოხელა დედისა და მისი სამი შვილის ღრმა ურთიერთობა ერთნაირად იზიდავს სრულიად განსხვავებულ მკითხველს, რადგან ალბათ ყველას სწყურია გაახსენონ, რომ ადამიანი დიდი საიდუმლოს – სამყაროს ნაწილია. სამყაროს მთელი იდუმალება კი ყველაზე მეტად დედის არსებაშია კონცენტრირებული. რომანის მთავარი პერსონაჟი – დედა, მქარგავია და ნაწარმოების თხრობის მანერაც ნაქარგს წააგავს.
ანა ფრანკი „ანა ფრანკის დღიური“
ანა ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია. სამალავში ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანას უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანა დაიღუპა, გადარჩა მხოლოდ დღიური – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის – ჰიტლერის ნაცისტური ტერორის მამხილებელი დოკუმენტი.
გამოკითხვა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. შეგიძლიათ, ჩაერთოთ გამოკითხვაში თქვენი მოსაზრება „პალიტრა L-ს“ გაუზიაროთ ბმულზე: https://docs.google.com/
წყარო:მარაო