საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როცა ზურას დაღუპვის შესახებ გაიგო.
ჟვანიამ აღნიშნულ მედიასთან ექსპრემიერის დაღუპვის ვერსიაზეც ისაუბრა.
„ – თებერვალში 19 წელი გახდება, რაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. რა იყო ყველაზე რთული, როდესაც 3 შვილთან ერთად მარტო დარჩით?
– ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცდილობ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში – თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა. ეს თვისება მაქვს, რაც არ უნდა დაეცე ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება. ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება, ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ.
– როგორი მამა იყო, ჰქონდა დრო შვილებთან დროის გასატარებლად? ბავშვები რამხელები იყვნენ, როცა ეს ამბავი მოხდა?
– მე 38 წლის ვიყავი, ლიზა – 10 წლის, ბუსა 8-ის, ხოლო ანჩო 6 წლის. კვირაში ერთი დღე, კვირას, ზურა აუცილებლად იყო ჩვენთან. დიღმის იქით ერთი სოფელია, იქ გვაქვს სახლი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით. უცნაური თვისება ჰქონდა – ყველა დეტალს ამჩნევდა. სახლში რომ შემოვიდოდა, ყველაფრის აზრზე იყო. მომთხოვნი იყო, ბავშვებთანაც მკაცრი. ერთხელ, ლონდონში წავედით, ლიზა გვახლდა და აღმოაჩინა, რომ ლიზამ ინგლისური არ იცის. ალბათ, მაშინ ლიზა 8 წლის იქნებოდა, ძალიან იჩხუბა (იცინის) და უთხრა, არ დავინახო, ისე ჩახვიდე ქვეყანაში, რომ ენა არ იცოდე იმ ქვეყნისო. იმ დროს ლიზა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, გერმანულით დაიწყო.
– 2020 წელს, ბუსას შემთხვევის დროს, რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა, რა პოზიციას დაიჭერდა?
– ალბათ, იმავეს, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნამ მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის. კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი – დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული – ყველაფერი წაიკითხა. ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია. ახლა სწავლობს, თან მუშაობს “ამაზონში”. რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.
– თუ შეგიძლიათ 2005 წლის 3 თებერვლის ღამე გაიხსენოთ. ბოლოს კომუნიკაცია როდის გქონდათ ზურასთან, ან თუ დაგიბარათ, რომ შეაგვიანდებოდა?
– ძალიან ძნელია ამის გახსენება, მე და ზურას ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთის გარეშე არ ვჩერდებოდით… ღამის სამ საათზე რომ არ მოვიდა, დავიწყე რეკვა, მაგრამ არც დამირეკა და არც მიპასუხა. მაშინ წყნეთში ვცხოვრობდით, თოვლი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე