ყველაფერი პანდემიის დროს დაიწყო, როცა თბილისიდან შორს, ბაკურიანში ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი თავის ტრანსფორმაციისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. იაკო ჭალაგანიძეს დღეს სოციალური ქსელის თითქმის ყველა მომხმარებელი კარგად იცნობს. მისი ენთუზიაზმი, მონდომება და, რაც მთავარია, შედეგი, ბევრისთვის გახდა წონის კლების მოტივაცია. მან ზედმეტი 73 კილოგრამის დაკლება ბარიარტრიული ოპერაციისა და პროფესიონალების დახმარების გარეშე შეძლო, რაშიც საკუთარი თავისა და ორგანიზმის მოსმენა ყველაზე მეტად დაეხმარა:
– ყველაფერი პანდემიის დაწყებას უკავშირდება, როცა თბილისიდან შორს, ბაკურიანში წავედი და იქ წელიწად-ნახევრის მანძილზე მომიწია დარჩენა. კომპლექსები არასდროს მქონია, არც ბულინგი მახსოვს ვინმესგან, მაგრამ გადავწყვიტე, რომ სხეულის ფორმები უნდა შემეცვალა და როცა მეგობრები მეკითხებოდნენ, როდის დავბრუნდებოდი თბილისში, ვპასუხობდი, რომ მაშინ, როცა 20 კილოგრამს დავიკლებდი. ამაზე ყველას ეცინებოდა და მეც მთელი ცხოვრების მანძილზე მეგონა, რომ ვერასდროს ვიქნებოდი გამხდარი. ვცდებოდი, რადგან პირველი 20 კგ ძალიან მარტივად მოვიშორე და მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერი იყო. ბაკურიანში დავიწყე და იქვე დავამთავრე მთელი ეს კლების პროცესი. როცა თბილისში დავბრუნდი, მეგობრებსა და ახლობლებს არ ვნახულობდი მანამ, სანამ ზედმეტი კანის მოშორების ოპერაციაც არ გავიკეთე – მინდოდა, ერთიანი შედეგით გამეოცებინა ყველა.
ჩვენს კითხვაზე, როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე და როგორ ემზადებოდა წონის კლებისთვის, იაკო პასუხობს, რომ საკუთარ ორგანიზმს უსმენდა და აკვირდებოდა, რაც ამ დიდი გზის მნიშვნელოვანი ნაწილია:
– დიეტების დაცვა მანამდე არასდროს შემეძლო, ვერ მივყვებოდი კვების კონკრეტულ რუტინას, ამიტომ რეჟიმი ჩემით შევიმუშავე და ეს ძალიან დამეხმარა. ყოველდღიურად ვსწავლობდი ჩემს სხეულს, ვაკვირდებოდი, სხვადასხვა საკვების მიღების დროს კლება როგორ მიმდინარეობდა, დილით ვჭამდი ყველაფერს, რაც მომინდებოდა, საღამოს ვცდილობდი მცირე ულუფა მიმერთვა, კვებისთვის ორი დრო მქონდა შერჩეული – 10 და 4 საათი. ოთხ საათზე, ანუ ბოლო კვებად, ვჭამდი ცილოვან საკვებს, მაგალითად, ხორცს, იქნებოდა ეს შემწვარი თუ მოხარშული. მთავარია, ყოფილიყო მცირე ულუფა და არ მქონოდა დანაყრების შეგრძნება. შუალედში არაფერს ვიღებდი. ვცდილობდი, ხილი ყოველდღიურად არ მეჭამა. ვისწავლე, რომ ასეთ დროს არ ჰქონდა ორგანიზმს არაფრის დანაკლისი. ამ ხერხმა სხვა გოგოებთანაც გაამართლა. როცა წონის კლება დავიწყე, 140 კილოგრამს ვიწონიდი და დღეში 4 ლიტრ წყალს ვსვამდი. ეს კვებასა და კვებას შორის შიმშილის განცდას მიქრობდა.
მთავარი, რაც ამ დიდი “მოგზაურობის” დასაწყისში გავაკეთე, არ დაველოდე ახალ კვირას, არც ორშაბათს, გადაწყვეტილება ოთხშაბათს მივიღე და მისი შესრულებაც მაშინვე დავიწყე. არ ვიცი, რა ძალა მომეცა დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ ვთქვი, რომ ზედმეტი კანის მოშორების ოპერაციაზე 80 კილოგრამი უნდა შევსულიყავი – ეს მიზანი შევასრულე!
იაკო საკუთარი შედეგის შესახებ სოციალური ქსელებში, “Instagram”-ზე, “Facebook”-სა და “Tiktok”-ზე ხშირად საუბრობს და სამოტივაციო ვიდეოებსაც აქვეყნებს:
– მე, პირადად, ისე მოვედი 30 წლამდე, არავის და არაფერს შევუწუხებივარ, არანაირი სახის კომპლექსი არ მქონია, ყოველთვის ლაღი და თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ასე არ არის. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სხვების უხეში კომენტარები სტრესია. ჩემი გამოცდილება მათთვის შეიძლება მოტივაცია იყოს, რომ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს დაუმტკიცონ – ყველაფერი გამოუვათ. სწორედ ამიტომ, ერთმანეთის გვერდში დგომისთვის, ინფორმაციისა და პირადი შედეგების გაზიარების მიზნით, შევქმენი ჯგუფი Beauty Guide/ბიუთი გაიდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, იზიარებენ როგორც ერთმანეთის გამოცდილებას, ისე სიხარულს.
– როგორია წონის შენარჩუნების პროცესი და რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა იმისთვის, რომ დაკლებული კილოგრამები უკან არ დაუბრუნდეთ?
– ერთია, როდესაც იკლებ და მეორე – უკვე როდესაც შენარჩუნებაზე იწყებ ზრუნვას. ალბათ, როცა დიდ წონას იკლებ, ფსიქოლოგიური მომენტია, რომ გგონია, კიდევ უნდა დაიკლო. სულ ვამბობ, რომ კიდევ ზედმეტი 5 კილოგრამი მაქვს, მაგრამ, ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, ალბათ, ვეღარ დავიკლებ. იმისთვის, რომ შედეგი შეინარჩუნო, სხვადასხვა პროცედურაა საჭირო. მეც ახლა ვსწავლობ, როგორ შეიძლება ჭარბი წონის მოშორების შემდეგ სხეულის ფორმების დახვეწა. არ ვაპირებ იმ ადამიანების მოტყუებას, ვინც მისმენს და მიყურებს. მინდა, ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შევთავაზო და ვუთხრა ის პროდუქტი თუ პროცედურა, რაც მართლა ეფექტურია.
– ბევრი ადამიანისთვის მოტივაციის წყარო და ერთგვარი მენტორი ხართ, ხომ არ გეგმავთ ამ საქმეს პროფესიონალურად მოჰკიდოთ ხელი?
– არა, რადგან პროფესიით ჟურნალისტი ვარ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებაში კი, ვფიქრობ, თანხის აღება არასწორია. მე რაც შემიძლია, ჩემ მიერ შექმნილი ჯგუფის განვითარებაა. მინდა, რომ ის ყველაფერი, რაც მე გამოვიარე და გამოვცადე, სხვა გოგოებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. მანამდე კი ვაპირებ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადო ყველა ის მეთოდი, რომელიც წონის კლებისა და დაკლებული წონის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, ეს სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია კი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადო.