ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში ისრაელ-პალესტინის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„არა, დღეს მე არც მიმოხილვას შემოგთავაზებთ და არც ფაქტებს ჩამოგირაკრაკებთ. ციფრებით გეტყვით იმ რეალობას, რომელიც ამ წამს ისრაელშია: 19 ოქტომბრის დილის 11 საათის მონაცემებით ისრაელს ჰამასმა და ჰეზბოლამ 7300 რაკეტა ესროლეს; აქედან 450 თავად ღაზას სექტორში ჩამოვარდა. ისრაელში, 7 ოქტომბერს, ერთ დღეში და წარმოუდგენელი სისასტიკით 1400 ადამიანი მოკლეს; გაიტაცეს 203 და მძიმედ დაჭრეს 4300-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში ჩამოვარდნილი რაკეტებიდან 4 აშკელონის ბარზილაის საავადმყოფოს დაეცა. არა, მედიას ეს არ აინტერესებს.
ისრაელს რომ რკინის გუმბათი არ ჰქონდეს – ამ 7300 რაკეტის აფეთქების შედეგად სტატუსის დამწერი კი არადა ეს ბევრისთვის წმინდა მიწა უკვე მტვრად ქცეული იქნებოდა.
ისვრის ვინ? ჰამასი და ჰეზბოლა, რომლებმაც აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა 2008 წლის 27 აგვისტოს აღიარეს. ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომელიც რუსეთში საქველმოქმედო ორგანიზაციად არის აღიარებული.
ამ 7300 რაკეტას რომ გვესვრიან – წინასწარ გვაფრთხილებენ თუ ივრითზე დაბეჭდილ და გამაფრთხილებელ თეთრ ქაღალდებს თავზე ციდან გვაყრიან?
მე ყველა ბავშვი მეცოდება. მკვდარ ბავშვს ღმერთის წინაშე გარჩევა არ აქვს. მე მეცოდება სამხრეთ ისრაელში მშობლებზე მიბმული და ერთად დამწვარი, თავმოკვეთილი, საწოლში ჩაცხრილული, დედის მუცლიდან ამოგლეჯილი და დაჭრილი, თავშესაფარში ნაღმით აფეთქებული და ამ ყველა სისასტიკის დროს ტერორისტების მიერ ფოტო-ვიდეო კადრებზე აღბეჭდილი ბავშვი. მეცოდება ყველა პალესტინელი ბავშვი, რომელიც ჰამასმა უსაფრთხო კორიდორზე გასვლილსას წინასწარ დანაღმულ ველზე გაატარა და ააფეთქვა; ბავშვი, რომელსაც ჰამასი სამხრეთ ღაზაში გადასვლის უფლებას ართმევს, რათა ის ისრაელის რაკეტამ მოკლას და შემდეგ მისი სიკვდილით სამყაროს ყურადღება მიიქციოს; მეცოდება ყველა პალესტინელი ბავშვი, რომელსაც ჰამასი სიკვდილისათვის წირავს, რათა ისრაელს მოკლული ბავშვების სტატისტიკით ეთამაშოს და ამაში მთელი სამყარო ჩაგითრიოთ.
შუა აღმოსავლეთის და ტერორიზმის საკითხის ყველა ის ექსპერტი და მკვლევარი, რომლებიც აქამდე გასუსულები ხართ და ხმას არ იღებთ, ამ ჯოჯოხეთის დასრულებას და მშვიდობის მტრედად კურთხევას ელით – ძალიან ხომ არ გაგიგრძელდათ ჩემს ზურგს ამოფარება?“, – ვკითხულობთ პოსტში.