ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით ხშირად წერენ. უცნობი პირები, რომელთა მიზანი მოქალაქეების მოტყუება და მათთვის თანხის გამოძალვაა, იყენებენ ცნობილი ადამიანების სახელებსაც. მსგავსი ფაქტის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა ლელა წურწუმიამაც, სადაც საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და განაცხადა, რომ მისი სახელით თაღლითთა ჯგუფი ხალხს ფულს სძალავს.
განსხვავებული სქემის შესახებ გვიყვება „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე. მის შემთხვევაში, თაღლითები უცხოელის ფეისბუქ ექაუნთს ამოეფარნენ:
„ზუსტად 20 წუთის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ მილიონერი გავხდი. უცებ წამებში ჩამოვყარე ბავშვობიდან მოყოლებული ოცნებები, რომელთა შესრულებასაც დაუყონებლივ ვიწყებდი. გუშინ გვიან ღამით facebook-ში მეგობრობა გამომიგზავნა უცხოელმა, წარმოსადეგმა ტიპმა. რადგან ე.წ ფრენდების ლიმიტი შევსებული მაქვს და არც საერთო მეგობარი მყავდა, არ დავიმატე.
მან კი ჯიუტად 10 წუთში, გააუქმა მეგობობის გამოგზავნა და ისევ დამიმატა, ვიფიქრე „გადაბჟირდა” კაცი „ფრენდობა” უნდა-თქო და უცებ „ტორტები უგემრიელესი ბისკვიტით“ მეგობრობიდან წავშალე და ეს დავიმატე.
5 წუთში კი მომდის ქართული ტექსტი, (გუგლი თრანსლეითით ნათარგმნი). გამარჯობა, მე ვი ჩეოგი ვარ, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან, (რომელიღაც ბანკიც მითხრა) წლებია საბანკო სფეროში ვმუშაობ და ჩემს ქვეყანაში განთქმული ბანკირი ვარო. გაწუხებთ რადგან გითხრათ, რომ წლების წინ ტაილანდში თქვენმა მოგვარემ ჩვენს ბანკში დიდი თანხა შემოიტანა, მე კი სესხის ოფიცერი ვიყავიო, თუმცა ის კატასტროფაში დაღუპულა, არ ჰყავს არც ოჯახი და არც ნათესავის საკონტაქტოა მითითებული ანაბრის გახსნისასო. რადგან თქვენ და ჩემს კლიენტს ერთი ეროვნება და ერთი გვარი გაქვთ, მე შემიძლია მიგითითოთ მის ნათესავად და 5 მილიონი დოლარი ავტომატურად თქვენზე გადმოფორმდებაო, სანაცვლოდ კი თანხა გავიყოთო. თუ თვენ თანახმა ხართ ამ წინადადებაზე, საუბარი მეილზე განვაგრძოთო და უფრო ნდობაში, რომ შევსულიყავი პასპორტისა და პირადობის ასლები გამომიგზავნა.
სანაცვლოდ მითხრა, რომ ანგარიში, რომ დავსვათ ახლა თქვენ მომეცით პასპორტის და პირადობის ასლიო. უცემ ჩემს მეგობარს დავურეკე, არაფერი გადაუგზავნო ვიღაც თაღლითი იქნება, უთხარი, რომ დაგირეკავთ და გამესაუბრეთო. როგორც კი ეს ვუთხარი, ვიდეოქლით ვისაუბროთქო, გაქრა, გაუჩინარდა და წაიღო ოცნების მილიონებიც.
არ ვიცი ვინ არის, როგორ ბედავს, ვისი სახელით ან ვისი პასპორტის და პირადობის ასლები ჩამიგდო, მაგრამ ვისი სახელითაც გამეცნო, რომ დავგუგლე, ვიღაც „შიშკა” ტიპია. წარმოდგენა არ მაქვს, პასპორტის და პირადობის სკანერი, რომ გადამეგზავნა რას იზამდა, თუმცა ვფიქრობ ბევრი გაეხვევა ამ მახეში“- წერს მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.