“დაიწყეს მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ხალხის გასართობად ხოცვა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.
“დაიწყეს ტერორისტებმა მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ხალხის გასართობად ხოცვა. ბრუსელი პირველია. თუ არსებობთ ვინმე, ვისაც გგონიათ, რომ ისრაელის მიმართ “მიზეზი” აქვთ, თორემ როგორ იკადრებდნენ: ტერორიზმს არც მიზეზი კვებავს და არც მიზანი, მითუმეტეს “დიადი და პატრიოტული”. უპირველესად მათ გაწირეს პალესტინელი ხალხი ათეულ წლობით არაადამიანურ პირობებში ტრავმებით სავსე ცხოვრებისკენ და გაწირეს მსოფლიოც, იმის ნაცვლად, რომ იერუსალიმი, მინიმუმ სამი ცივილიზაციის შეერთების წერტილი, მიწა, რომელიც ყველა რელიგიის და კულტურის ხალხისთვის უძვირფასესია, აეყვანათ მსოფლიო ხალხების გადაკვეთის წმინდა ადგილამდე. ბრაზი და უსამართლობა ყველა ერს გვაწუხებს, ყველას რაღაც გვაქვს წართმეული, მაგრამ ტერორისტები არ ვხდებით. ტერორიზმი არის სიკვდილის, განადგურების კულტი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის თესვა შეუძლია და არა რაიმე პოლიტიკური “გამარჯვებების” მოტანა რომელიმე ერისთვის, თუ რელიგიისთვის. ომზე დიდი რეგრესი თუ შეიძლება კაცობრიობას ემართებოდეს, კიდევ უფრო ფსკერამდე რეგრესი ტერორიზმია. ამაზე ღრმა უფსკრულში ვეღარ ჩავარდება ადამიანთა მოდგმა” – წერს ფანჯიკიძე.