ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურზე, მოჰამად დაიფზე ისრაელი უკვე 27 წელია ნადირობს.
ისრაელი არა ერთხელ შეეცადა მის ლიკვიდაციას.
ვინ არის მოჰამად დაიფი
როგორც ცნობილია, მოჰამად დაიფი 1965 წელს ღაზის სექტორში მდებარე ხან იუნისის დევნილთა ბანაკში დაიბადა. მოჰამად დაიფი ტერორისტის საბრძოლო ფსევდონიმია, ხოლო მისი ნამდვილი სახელი მოჰამად დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრია. დაიფის ოჯახი 1948 წლის ებრაულ-არაბულ ომამადე, სოფელ კოჩავაში ცხოვრებდა, დღეს ამ ადგილას ქალაქი აშკელონი მდებარეობს. როგორც მრავალი ათასი პალესტინელი, ომის შემდეგ დაიფის ოჯახიც დევნილად იქცა.
თინეიჯერობისას მოჰამად დაიფი ღაზაში მოქმედ „მუსლიმთა საძმოს“ შეუერთდა, იგი პოლიტიკურად აქტიური სტუდენტი იყო ღაზის სექტორში მოქმედ ისლამურ უნივერსიტეტში სწავლობდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჰამასის სულიერი მამა შეიხ მოჰამად იასინი იყო.
1987 წელს პირველი პალესტინური ინტიფადას დაწყების შემდეგ, დაიფი ჰამასის სამხედრო დაჯგუფებას შეუერთდა, თუმცა ის 1989 წელს ისრაელის პოლიციამ დააპატიმრა. ექსტრემისტული საქმიანობისთვის მოჰამად დაიფს 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის მოხდის შემდეგაც იგი პირდაპირ ალ-ქასამის ბრიგადებს შეუერთდა – ჰამასის სამხედრო ფრთა დღემდე ამ სახელწოდებას ატარებს.
თავის მხრივ, ეს სახელწოდება დაკავშირებულია ისლამისტ მოძღვართან, იზ ად-დინ ალ ქასამთან, რომელმაც 1930-იან წლებში მაშინდელ ბრიტანულ პალესტინაში გასამხედროებული ალ-ქასამის ბრიგადები ჩამოაყალიბა. ალ-ქასამის ორგანიზაცია შავი ხელი ებრძოდა როგორც ბრიტანელებს, ასევე, პალესტინაში მყოფ სიონისტებსაც. 1935 წელს ალ-ქასამის სიკვდილამდე ორგანიზაციამ გადაიბირა და გაწვრთნა 800 მებრძოლი, სწორედ ისინი იქცნენ დღევანდელი ჰამასის წინამორბედებად.
1991 წელს ებრაული საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ღაზაში დაბრუნებული მოჰამად დაიფი თავის მომავალ მენტორს და ჰამასის სამხედრო ფრთის იმდროინდელ ხელმძღვანელს, იაჰია აიაშს შეხვდა. ინჟინრის მეტსახელით ცნობილი აიაში, წლების განმავლობაში ისრაელისთვის ნომერ პირველ სამიზნეს წარმოადგენდა. ინჟინრის განათლების მქონე აიაში წლების განმავლობაში გეგმავდა და აორგანიზებდა ‘ინოვაციურ’ ტერორისტულ აქტებს ისრაელში. ამ ტერაქტების მიზანი იმ დროს პალესტინურ ავტონომიასა და ისრაელს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის კომპრომეტირება იყო.
1994-1996 წლებში აიაშის მიერ ორგანიზებულ ტერაქტებს 100-ზე მეტი მშვიდობიანი ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1996 წელს აიაში ისრაელის სპეცსამსახურებმა მობილურში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მეშვეობით მოკლეს, თუმცა მანამდე აიაშმა თავისი ცოდნა და უნარები მოჰამად დაიფს გაუზიარა. სწორედ დაიფი ხელმძღვანელობდა თავდასხმას ებრაელ ჯარისკაცებზე 1994 წელს, რა დროსაც მისმა დაჯგუფებამ 3 ებრაელი ჯარისკაცი მოკლა.
„კატა 9 სიცოცხლით“
2000 წლიდან მოყოლებული ისრაელმა დაიფის მოკვლა 7 ჯერ სცადა. ყველა მცდელობის მიუხედავად მუჰამედი გადარჩა. გადამდგარი ისრაელელი გენერალი BBC-სთან ამბობს, რომ დაიფის მკვლელობის მრავალრიცხოვანმა მცდელობამ განამტკიცა მისი რეპუტაციას, რის გამოც მას „კატა ცხრა სიცოცხლით“ შეარქვეს.
რა საიდუმლო იმალება დაიფის წარმატებული გაქცევების მიღმა?
უსაფრთხოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაიფის უნარი წარმატებით აარიდოს თავი ისრაელის სამხედროებს თავი, შესაძლოა მიეწეროს იმას, რომ მუჰამედი არ იყენებს ტელეფონს, კომპიუტერს და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს.
2014 წელს, როდესაც ისრაელის თავდასხმის დროს , დაიფის ცოლი ვიდადი და მათი ჩვილი ვაჟი დაიღუპა, ითვლებოდა, რომ ჰამასის მეთაურიც გარდაიცვალა, თუმცა თავდასხმის დროს იგი შენობაში არ იმყოფებოდა.
რას ნიშნავს „ოპერაცია ალ-აქსას ქარიშხალი“?
ჰამასის მოადგილის განცხადებით, კოდური სიტყვა „ალ-აქსას ქარიშხალი“? ნიშნავს ფართომასშტაბიან ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავს ალ-აქსას მეჩეთის დაცვას და პატიმრების გათავისუფლებას.