პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 74 ხმით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განმარტებით, შარშან ფრაქციის „ქართულმა ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც სტაჟირება უკვე სტაჟშია ჩათვლილი, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სტაჟირება ანაზღაურებადი ყოფილიყო.
„წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სტაჟირების სქემა გადაგვყავს აბსოლუტურად ევროპული ყაიდის წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკაში დაფუძნებულ სისტემაზე, რომლითაც ყველა ადამიანი, ვინც საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებას გაივლის მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას. ის სტაჟირების პროცესი, რომელიც სტაჟში ჩაითვლება ამასთანავე გახდება ანაზღაურებადი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აღნიშნული კანონპროექტით განსაზღვრულია 2 კატეგორია. ჩვენ გათანაბრებული გვაქვს ანაზღაურება საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილ პირველ სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. ამავდროულად, ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ და თუ სტაჟიორი იქნება ამ მიმართულებით და ამასთანავე, უწყებას ექნება ამის საშუალება, მას შეუძლია სტაჟიორს განუსაზღვროს ანაზღაურება, რომელიც იქნება არაუმეტეს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტისა, რაც დაახლოებით 1000 ლარის ოდენობაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.