“ვიცი სიმართლე და სანამ ეგ სიმართლე არ გაჟღერდება, ბოლომდე ვიბრძოლებ” – ამის შესახებ მარიტა გუტაშვილი წერს, რომელმაც შოვის ტრაგედიისას ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა.
“დღემდე კომენტარი არ გამიკეთებია და არც არავის კომენტარზე პასუხი არ გამიცია.
➡️პირველ რიგში, მადლობა სრულიად უცნობ ხალხს, ვინც გვერდში მიდგას, მამხნევებს და გულთან სწორად მიაქვს შოვის ამბავი .
➡️ასევე, მადლობა გადაცემა სთორი/Story -ს მთლიან ჯგუფს გამოხატული თანადგომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის.
➡️და ბოლოს, მადლობა მათაც, ვისაც ვაღიზიანებ, მაგრამ მაინც მიყურებენ და ” ჩამჭრელ კითხვებს” მისვამენ. სწორ მიმართულებებს მაძლევთ, რაზე უნდა ვილაპარაკო)) მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ვუყურებ , დამიჯერეთ არც ბოტების, არც ტროლების და არც “მწარე” კომენტარების არ მეშინია და არც გავურბივარ არავის. ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რაც გამომრჩება თავიდან იკითხეთ. მე ერთი ვარ, თქვენ ბევრნი.
⁉️ხშირად დასმული კითხვები, ჩემი პასუხებით:
1️⃣ რა უნდა ამ გოგოს , რას მოითხოვს?
— ჩემი მთელი ცხოვრების უდიდესი ნაწილი შოვში მაქვს გატარებული, ვიცი რა მოხდა,რატომ მოხდა. ვიცი სიმართლე და სანამ ეგ სიმართლე არ გაჟღერდება ბოლომდე ვიბრძოლებ. უნდა დაისაჯოს ნებისმიერი, ვინც დამნაშავეა ჩემი თუ სხვისი ოჯახების ამოწყვეტისა და ბევრი ოჯახის განადგურებისთვის.
2️⃣ რატომ ვზივარ ტელეეთერებთან და ვიკეთებ პიარს?
— პიარი და პოპულარობა რომ მინდოდეს, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი და ოჯახის ამოწყვეტას არ დაველოდებოდი. ვდგავარ იმის გამო, რომ რაჭა მტკივა, განადგურდა, დაინგრა ის რაც რაჭისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შოვთან ერთად გლოლაც მოკვდება, უწერაც, და ნელნელა ასე წამოყვება ონსა და ამბროლაურს. ყველა უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ რა მოხდა, ჩემი ოჯახის ტრაგედია თუ არ განაღვლებთ არც არავინ გთხოვთ რომ ინაღვლოთ, საქართველო გენგრევათ თავზე და ყველამ თქვენი ოჯახები იდარდეთ, როგორც მე ვიდგები ისე დადექით და დაიცავით ოჯახი. ადრეც ესე ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები. ყველგან მელოდეთ და ბოდიში რომ ასე ცუდ ემოციებს ავღძრავ თქვენში. ტელევიზიებში ჯდომა ჩემთვის არის ჯოჯოხეთი, რეალობამ ისეთ ჯოჯოხეთამდე მიმიყვანა, სულ გადაფარა ყველაფერი, ამიტომ დიდხანს მოგიწევთ ჩემი ყურება.
3️⃣. რატომ ავაშენეთ კოტეჯები თუ ვიცოდი რომ საშიში ზონა იყო ?
— კურორტი შოვის დაარსება ამბროლაურელმა ექიმმა შამშე ლეჟავამ 1913 წლიდან დაიწყო. პირველი სანატორიუმი 1925 წლიდან აშენდა, კოტეჯები 1929 წლიდან. თუ დავუჯერებთ არითმეტიკულ გამოთვლებს, კურორტი უკვე 110 წლისაა , კოტეჯები — 94 წლის. შეუძლებელია ჩემს ოჯახს შამშესგან და მაშინდელი მთავრობისგან აეღო ნებართვა კოტეჯების საშიშ ზონაში მშენებლობის, დღეს 2023 წელია.. პირიქით, ყოველ სეზონზე ავარიულ კოტეჯებს ვშლიდით, ვინც დადიოდა შოვში დამეთანხმება.
4️⃣. ვინ მუშაობდა ახალ კოტეჯებზე?
— ეგ მეც არ ვიცი, პირველად მესმის რომ ახალი კოტეჯის მშენებლობა კიდევ მიდიოდა სადმე.
შედარებით ახალი კაპიტალური შენობა რაც შოვის ჭიშკართან იდგა იყო რესტორანი, რომელიც ეკუთვნოდა მამაჩემს, საძირკველი ჩაეყარა რამოდენიმე წლის წინ , სანამ ღვარცოფული მოვლენები იჩენდა თავს შოვში. ყოველწლიურად საკუთარი ძალებით ვაკვირდებოდით ხომ არ იყო რაიმე საფრთხის შემცველი, ძველად იმავე ადგილას იყო რესტორანი სადაც მამაჩემის მამა, გიგა გუტაშვილი მუშაობდა მზარეულად. მის საპატივცემულოდ გვინდოდა გაგვეცოცხლებინა ისტორია, და დამერწმუნეთ რომ გვცოდნოდა ჩვენს ნაწვალებს ესე ერთი ხელის მოსმით დავკარგავდით , მთელი 10 წელი არ შევაკლავდით თავს მანდ მუშაობას. მამაჩემი და ჩემი ძმა თავისი ხელით არემონტებდნენ ინტერიერს.
ახალი, რაზეც მუშაობა იყო დაწყებული პატარა კომერციული ფართის მშენებლობა იყო ჭიშკრის მოპირდაპირედ. ალბათ, მაგას მოკრა ყური ბევრმა და პრობლემა აქვთ, რომ კოტეჯს ვაშენებდით.
ბოდიში , რომ ხალხი დავასაქმეთ და სამუშაო მივეცით)) მზიან ამინდში ვერ ვიფიქრებდით რომ მსგავსი მაშტაბების ტრაგედია დატრიალდებოდა.
5️⃣. რა პასუხი მაქვს იმაზე რომ უმეტესი დაღუპული ადამიანი ჩვენი კოტეჯებიდანაა?
— ვინ გითხრათ? საიდან გაიგეთ? მე პირადად ვიცი მაქსიმუმ 6-7 ადამიანი ჩემი კოტეჯიდან, ჩემი ოჯახის გარდა. გადახედეთ გამოძიებას? მაშინ როცა დაზარალებულებსაც კი არ აქვთ უფლება გაეცნონ მიმდინარე გამოძიებას? ხელს შეუშლითო. ტურისტულ ზონაში ფოტოების გადასაღებად, საქეიფოდ, გასართობად ამოსული ხალხი , თუ ფიქრობთ რომ ჩემთან ისვენებდნენ, ძალიან ცდებით. კურორტ შოვში სულ 3 სასტუმროა, კოტეჯები , რომელიც წაიღო, სასტუმრო “რაჭა” და სასტუმრო ” სანსეტ შოვი ” . მათი დამსვენებელიც ხშირად გადმოდიოდა კოტეჯების ტერიტორიაზე სასეირნოდ. ხალხი უწერიდან იყო ამოსული, სასტუმრო “მანინოდან”, რატომ იმათ არ სთხოვთ პასუხს, რატომ გაუშვეს თავიანთი დამსვენებელი საშიშ ზონაში?
“ბატონ” კალაძეს რატომ არ ვეკითხებით, რატომ უშვებდა ხოლმე თავის უფროს ვაჟს დაცვასთან ერთად ჩემს სასადილოში სნიკერსის საყიდლად , საშიშ ზონაში იყო ბავშვი, მასაც შვილის სიკვდილი უნდოდა?
შეგიძლიათ გადასცეთ, რომ გადარჩენილი ბონი სწორედ ის ლეკვია, რომელსაც 2 წლის წინ ლევანი ეფერებოდა სასადილოს წინ. ემახსოვრება, ჭკვიანი გოგო მყავს ❤️
➡️და ბოლოს, რომ მცოდნოდა რა საფრთხის ქვეშაც იყო შოვი, მხოლოდ ჩემს ოჯახს არ გამოვიყვანდი იქედან, ჩემი ოჯახი გამოიყვანდა ჯერ სხვას, დამსვენებელს , და თუ დრო დაგვრჩებოდა, მხოლოდ მას შემდეგ ვიფიქრებდით საკუთარ თავებზე. ასე მოხდა 2020 წელსაც , სხვები გადავარჩინეთ… ყველაფერს მოგიყვებით ეტაპობრივად.
💭 ” ჩამჭრელ კითხვებს” ველოდები” – წერს გუტაშვილი.