„ „სიკვდილის წინ ნოდარს წაუმღერია „ხომ დაგამარცხე, სიკვდილო…” საქმე ისაა, რომ როდესაც ამ სიტყვებს მღეროდა, მონიტორზე მისი გული უკვე გაჩერებული იყო“.
1937 წლის რეპრესიები ბევრს შეეხო, მათ შორის ერთ-ერთი ნოდარ დუმბაძის ოჯახი იყო. მწერალს მამა დაუხვრიტეს. ბიძა, დედა და ახლო ნათესავები კი გადაუსახლეს. თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ დუმბაძეებს ბერიასთან და რა აკავშირებდა მწერალს ედუარდ შევარდნაძესთან, ჩვენს რუბრიკაში ნოდარ დუმბაძის მამიდაშვილის და ბიოგრაფის ნორა კოტინოვის მასალებზე დაყრდნობით გიამბობთ.
ნოდარ დუმბაძის მამა, ვლადიმერი და მისი ძმა, გაბრიელი ბაქოში ლავრენტი ბერიასთან ერთად სწავლობდნენ გიმნაზიაში. ქართველ გიმნაზიელებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. სამივე საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ეს დაახლოებით საბჭოთა ხელისუფლების ჩამოყალიბების პირველ წლებში ხდება. შემდგომ წლებში, ბერია უკვე დაწინაურდა და თანაგიმნაზიელი ძმები დუმბაძეებიც არ დაივიწყა. ნოდარის მამა – ვლადიმერი, ბაღდადის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნა. გაბრიელი კი, რომელიც სამხედრო პირი იყო – უშიშროების საბჭოში მაღალ თანამდებობაზე გაამწესა და ბოლოს გენერალ-ლეიტენანტის ჩინიც დაიმსახურა.
ორივე ძმას „ემ ადინი” ემსახურებოდა. მახსოვს, ერთხელ, გაბრიელის დახვრეტამდე, მეც მომიწია ამ მანქანით მგზავრობა. გაბრიელმა და მისმა მძღოლმა ბებია-ბაბუის მოსანახულებლად ჩამიყვანა სოფელ ხიდისთავში. მე ძალიან ვგავდი ბაბუას და ამიტომ, გაბრიელიც და ვლადიმერიც ქიშვარდი სპირიდონიჩს მეძახდნენ. ზუსტად იმ ზაფხულს დააპატიმრეს გაბო. როდესაც ამის მაუწყებელი დეპეშა მოვიდა ოჯახში, მე მათთან ვიყავი. ბებია ჩაის საკრეფად იყო წასული და მეზობლებმა რომ წაიკითხეს, შეიცხადეს, ოლღა თავს მოიკლავსო. ჩემი პატარა ჭკუით, დანები დავმალე, ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.
ალბათ იკითხავთ, თუ ასეთი კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ბერიასა და დუმბაძეებს, მაშინ რატომ შეეწირნენ ეს ძმები 1937 წელის რეპრესიებსო… მაგრამ ბერია თავის თავისგან ხომ ვერ დაიცავდა მათ?… საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, ბერიასა და გაბრიელ დუმბაძეს შორის უთანხმოება მოხდა, არ ვიცი, რა საკითხთან დაკავშირებით. ამის გამო, გაბრიელი – ფიცხი გურული, ლავრენტი პავლოვიჩს რევოლვერით შევარდნია კაბინეტში. თუმცა, რას გახდებოდა?! გაბრიელ დუმბაძე მაშინვე დააპატიმრეს და გაასამართლეს მუხლით – „ტერორი ბერიას წინააღმდეგ“. ის დაპატიმრებიდან მეექვსე დღეს დახვრიტეს. ეს ამბავი 1937 წლის ზაფხულში მოხდა. ამის შემდეგ ჯერი ვლადიმერზე მიდგა…
უფროსების გადმოცემით ვიცი, რომ ვლადიმერი დააპატიმრეს, როგორც გაბრიელის ძმა. როდის მოხდა მისი ლიკვიდაცია, ოჯახისთვის უცნობია. გაბრიელს ჩამოერთვა ბინა ვაკეში, ანასტასიევის ქუჩაზე, ხოლო ვლადიმერის შვილები სამი ოთახიდან ერთში დატოვეს. დანარჩენ ორ ოთახში კი შეუსახლეს „კაგებეს“ თანამშრომლები, ჯახაიების ოჯახი. .. არადა, მაშინ როდესაც გაბრიელისა და ვლადიმერის კარიერა „კარგად” წარიმართა, მშობლებმა უმცროსი ძმები მათთან გააგზავნეს ოჯახებში: ნიკოლოზი, რომელიც თბილისის ტრანსპორტის ინსტიტუტის სტუდენტი იყო – გაბრიელის ოჯახში, ხოლო მამია, შემდგომში უკვე ცნობილი აკადემიკოსი, რომელიც ამ პერიოდში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ნიკო ბერძენიშვილის ასისტენტი გახლდათ – ვლადიმერის ოჯახში. გაბრიელისა და ვლადიმერის ლიკვიდაციის შემდეგ, უკვე შემოდგომაზე, აპატიმრებენ მათ მეუღლეებს და უმცროს ძმას, ნიკოლოზს. მამია ნიკო ბერძენიშვილმა დაიცვა. ქალბატონებს გადაასახლებენ ყარაღანდაში, ხოლო ნიკოლოზს – ციმბირში. ნოდარის დედა, ქალბატონი ანიკო დაპატიმრებამდე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა გადაასახლეს. გადასახლებაში ის ბებიაქალად მუშაობდა და ქალთა კოლონიაში ახალშობილებს იღებდა. დაპატიმრებული რძლები – 1946 წელს – 9 წლის შემდეგ დაბრუნდნენ გადასახლებიდან .
მშობლები რომ გადაუსახლეს ნოდარი მხოლოდ 9 წლის იყო, უფროსი და, ლეილა კი 12 წლის. ისინი თავდაპირველად, მეზობლებმა შეიფარეს, მერე დედის მეგობარმა, ამის შემდეგ სოხუმში წაიყვანეს. იქ ორი წელიწადი სწავლობდნენ სკოლაში. სხვათა შორის, სოხუმში ცხოვრების ეს პერიოდი ნოდარმა ასახა თავის ცნობილ მოთხრობაში „ელადოს”. ზაფხულობით ნოდარი ივლიანე ბებიასთან, დედის დედასთან ჩადიოდა ხოლმე ხონში. ორი წლის შემდეგ ქიშვარდი ბაბუა ჩავიდა მასთან და ნოდარი გურიაში წაიყვანა. ქიშვარდი ბაბუასა და ივლიანე ბებიას იმდროინდელი დიალოგი ნოდარს ასახული აქვს თავის მოთხრობაში „სისხლი”. ლეილა დეიდებთან დარჩა. ამის შემდეგ და-ძმა ცალ-ცალკე იზრდებოდნენ. მანამ, სანამ ნოდარი საშუალო სკოლას დაამთავრებდა. ოლღა ბებიას განსაკუთრებული ამაგი ჰქონდა ნოდარზე და ამიტომ, განსაკუთრებით უყვარდა იგი.
როდესაც ნოდარის დედა, ქალბატონი ანიკო ბახტაძე გადასახლებიდან დაბრუნდა, ნოდარი 18 წლის იყო და იმ პერიოდშიც ივლიანე ბებიასთან გახლდათ სტუმრად. ნოდარი, ძროხის, „ვენგერკას“ სამწყემსავად ყოფილა წასული. საღამოს რომ დაბრუნდა, დედა–შვილს ერთმანეთი ვერ უცნიათ. კარგა ხნის განმავლობაში, ნოდარი ქალბატონითო მიმართავდა დედას. დაახლოებით ერთი წელიწადი ასე იყო გაუცხოებული…. თუმცა, ამის შემდეგ ის აღმერთებდა დედას. უამრავი ნაწარმოები მიუძღვნა მას და ბევრი მისი გმირი ქალბატონი ანიკოს პროტოტიპია. აღსანიშნავია, რომ ნოდარის არც ერთი ნაწარმოების გმირის პროტოტიპი არ არის ნოდარის მამა. რატომ ხდებოდა ეს, ძნელი ასახსნელია. არც ნოდარისთვის მიკითხავს ამის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, რადგან მთელი სტუდენტობის პერიოდში, ნოდარი „ხალხის მტრის” შვილად იყო მიჩნეული, ის ერიდებოდა მის ხსენებას.
ანიჩკა ბიცოლას მონაყოლიდან ბევრი ამბავი მახსენდება – ვლადიმერი ძალიან მკაცრი ხასიათისა და გარეგნობის კაცი ყოფილა. ნამდვილ კომუნისტად ითვლებოდა. ბოლო პერიოდს ასე იხსენებდა: ბერიას ბაღდათში მყოფ ვლადიმერისთვის შეუთვლია, ჩამოდი, უნდა დაგაწინაუროო. ისიც ჩამოვიდა თბილისში, ბერიასთან რომ მისულიყო. ღამით კი, დასაპატიმრებლად დაადგნენ. უთქვამს: ანიჩკა, რაღაც გაუგებრობაა, მე მალე დავბრუნდებიო. სახლიდან გასვლის წინ ცოლისთვის დაუბარებია: იცოდე, მე სუფთა ვარ და თუ არ დავბრუნდი, ჩათვალე, რომ ამქვეყნად სამართალი არ არსებობსო.
როგორც ვიცით, პატიმრობა ნოდარ დუმბაძემაც გამოსცადა. ის სულ 7 თვე იჯდა . კიდევ კარგი, რომ გაამართლეს, მორალური ზარალი აუნაზღაურეს და თანამდებობაც აღუდგინეს. ყველაფერი კი იმიტომ მოხდა რომ ერთხელ ამხანაგებთან ერთად რესტორან „გემოში” იყო. კარგად რომ შეზარხოშებულან, რაღაცაზე ატყდა ცემა-ტყეპა, ამ ჩხუბში კი, ღვინით სავსე ბოთლი მოხვდა ერთ-ერთს. თავგატეხილი დიდხანს იყო უგონოდ. ამის შემდეგ ყველა აიყვანეს. ნოდარი ბრალდებულთა შორის მოხვდა, მას პერანგზე დაზარალებულის სისხლის ლაქები აღმოაჩნდა. სანამ დაზარალებული გონს მოვიდა და სიმართლე გაირკვა, ნოდარი ციხეში იჯდა.
ცნობილია რომ მწერალს ედუარდ შევარდნაძესთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე აღნიშნავს: მეგობრების ძალიან ვიწრო წრე მყავს და მათ შორის ერთ-ერთი, ნოდარ დუმბაძეაო. სხვათა შორის შევარდნაძესთან მეგობრობის გამო, ქართველი ინტელიგენციის შევარდნაძისადმი უარყოფითად განწყობილი ნაწილი, მას კიცხავდა. მათ გურული იუმორი აკავშირებდათ. უნდა ვთქვა, რომ შევარდნაძემ სიკვდილს გადაარჩინა _ მეორე ინფარქტის დროს, გულრიფშში ყოფნისას, სოხუმის საავადმყოფოში კრემლიდან ჩამოუყვანა ექიმთა ჯგუფი, რომლებმაც ნოდარი სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. ასე უმეგობრა მან. დედა ენის ძეგლის დადგმა ნოდარის რჩევით მოხდა. ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში, უამრავი ასეთი შემთხვევა ყოფილა. თუმცა, „თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავმა მათ მეგობრობაში კითხვის ნიშნები გააჩინა. 1984 წელს როდესაც „ჯინსების თაობის“ ბიჭების შეწყალების საკითხი დადგა, ქართული ინტელიგენცია ორად გაიყო. ნაწილი მას ამართლებდა, მეორე და უფრო დიდი ნაწილი შევარდნაძეს ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რომ ამ ბიჭებისთვის დახვრეტის მუხლი მოეხსნათ. შეიქმნა მხარდამჭერთა სია, რომელიც, უკვე სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ნოდარსაც მიუტანეს. ამ დროს ლეჩკომბინატში მწერალთან ერთად შევარდნაძის ძმაც იწვა სამკურნალოდ. ძმის მოსანახულებლად მისული შევარდნაძე ნოდარსაც შეუვლიდა ხოლმე. თუმცა, მას შემდეგ, რაც მწერალმა აღნიშნულ სიას თავადაც მოაწერა ხელი, ედუარდს ის აღარ მოუნახულებია. ამას ნოდარი განიცდიდა, თუმცა ხელმოწერას არ ნანობდა. რა თქმა უნდა, ის უკვე განწირული იყო სასიკვდილოდ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ამ ამბავმა დააჩქარა ნოდარის აღსასრული.
მწერლის დამ, ლეილამ, რომელიც პროფესიით კარდიოლოგია, მიამბო: სიკვდილის წინ ნოდარს წაუმღერია „ხომ დაგამარცხე, სიკვდილო…” საქმე ისაა, რომ როდესაც ამ სიტყვებს მღეროდა, მონიტორზე მისი გული უკვე გაჩერებული იყო“.
წყარო: „ეპილოგი“, ავტორი ეკა სალაღაია