ვინც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან სამყარო გადაარჩინა, მეხანძრე-მაშველებს კი, ამის შესაძბელოა ხშირად აქვთ, თუმცა, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად… და მაინც ბედნიერები არიან, რომ სამყარო გადაარჩინეს.
მათი გზა ხიფათით არის სავსე, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ერთი ადამიანის, ცოცხალი არსების დახმარება, მათგან მიღებული მადლიერება, ყველანაირ საფრთხეს ავიწყებს. ალბათ მართალია, როდესაც ამბობენ, მეხანძრე-მაშველად იბადებიან, შემდეგ კი, გზადაგზა რაღაცებს სწავლობენ და გამოცდილებას იძენენო.
გიორგი ციხითათრიშვილი, უმცროსი ლეიტენანტი:
– ამდენწლიანი მუშაობის განმავლობაში, შემდეგ გამოცდილებაც მივიღე, მაგრამ თავიდან ბევრი რამ არ ვიცოდი. ეს არის საქმე, რომელიც ძირითადად პრაქტიკაში უნდა ისწავლო და ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ სირთულეები მარტივად გადაწყვიტო. თანდათან, ყველაფერი დავძლიე, თუმცა, ამ პროფესიაში, ყოველდღე ახალ-ახალ რაღაცას სწავლობ. ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. ხან სიმაღლიდან დაშვება, ხან პირიქით, სიმაღლეზე კიბით ასვლამ შიგნით შეიძლება გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდეს, ან ცოცხალს სჭირდებოდეს დახმარება და წუთები წყვეტდეს მის საქმეს, ან ბავშვი იყოს დარჩენილი…
თავიდან ემოციები მეძალებოდა, მძიმე საქმეზე გამოძახებების შემდეგ, ღამე ძილიც მიჭირდა, შემდეგ თანდათან დალაგდა ყველაფერი. ისე კი, თუ რამე, ფსიქოლოგები გვყავს და მათთან საუბრის შესაძლობაც გვაქვს. დროთა განმავლობაში, გამოცდილებაც მივიღე და ახლა უკვე, მუშაობის პროცესში ცივი გონებით ვუყურებ ყველაფერს და საქმეზე ვარ ორიენტირებული. მთავარია, ფრთხილად ვიმოქმედო, რადგან ერთად ვმუშობთ, ერთ ჯაჭვად და ჩემი შეცდომის გამო, შესაძლოა, ჩემი კოლეგა დაზარალდეს, ან პირიქით… ადამიანის გადარჩენა იმხელა შვებას აძლევს მაშველს, რომ სხვა ფაქტორები, მუშაობის დროს არსებული მძიმე გარემოებები, უკვე მეორეხარისხოვანია.
– ვიცი, რომ 13 ივნისის სტიქიის ღამეს ცვლაში იყავით.
– დიახ, იმ ღამეს ჩვენი ჯგუფი ესტაკადასთან, ანუ ზოოპარკთან ვიყავით. გარშემო საშინელება ხდებოდა, ადამიანებს სახლებში წყალი შესდიოდათ და სახურავებზე იყვნენ ასული, რომ გადარჩელიყვნენ, მანქანები წყალში ტივტივებდნენ… ვისაც შევძელით, ვუშველეთ, თუმცა, ისეთი სიტუაცია, იმხელა წყალში და თანაც ქალაქში, ფორმცმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა ჩვენთვისაც უჩვეულო იყო. არ გვქონდა ამის გამოცდილება… ახლაც რომ მახსენდება, გარშემო რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა, დღემდე მიჭირს კადრების დალაგება, მაგრამ ვფიქრობ, სირთულეების მიუხედავად, თავი კარგად გავართვით…
არაერთი ისეთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც წუთები წყვეტდა ყველაფერს, თუნდაც სუიციდის მცდელობებისას. საბედნიეროდ, ამ ბოლოს მსგავსი შემთხვევები შემცირდა. რამდენიმე თვეა რას თვითმკვლელობის მცდელობაზე გამოძახება არ შემოსულა… ასეთ დროს, წუთებიც გადამწყვეტია და წამებიც, რადგან იმ დროს ადამიანის ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს მხოლოდ ის შემთხვევა არ არის _ დაავლო ხელი და წყლიდან ამოიყვანო, ან ხანძარს გადაარჩინო _ ყველა სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორმე უნდა გადააფიქრებინო, თუ ვერ გადააფიქრებინებ, დრო უნდა გაიყვანო, რომ ყურადღება მოსაუბრეზე გადაიტანოს და სხვამ უნდა ამოიყვანოს…
– წყალზე მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ, არა?..
– დიახ, ძირითადად, მტკვარში გვიწევს მუშაობა, იმ ადგილებში, სადაც ახლოს რესტორნებია და სხვა გასართობი ადგილებია. ყოფილა შემთხვევები, რომ ნასვამები გადამხტარან… ერთხელ, ერთ-ერთი რსტორნიდან გამოსული ნასვამი ადამიანი გადახტა, ძალიან ოპერატიულად ვიმუშავეთ, ამოვიყვანეთ და ჩხუბი დაგვეწყო, ვინ გთხოვათ ჩემი გადარჩენაო და ისევ გადახტა, მაგრამ წყალში ვერ ჩავარდა, ნაპირზე დაეცა და ისევ იწევდა, რატომ გადამარჩინეთ, ისევ უნდა გადავხტეო… გაქცევა რომ დააპირა, არ გავუშვით. ჩვენ სასწრაფო დახმარების მანქანას ჩავაბარეთ და ალბათ მიხედავდნენ.