გთავაზობთ სერიალის – „სიყვარულს მიღმა“ – გმირის, სოფო გორელაშვილის ინტერვიუს ჟურნალი „თბილისელებთან“.
– თავიდან ძალიან აღიზიანებდათ ეს პერსონაჟი, მაგრამ ბოლოს ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.
– კი, ანა საკმაოდ შეუყვარდა მაყურებელს, რადგან რეალობაა. ეს აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ჩვენს სოციუმში კაცებს მეტის უფლება აქვთ და მათ მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს. სერიალში სხვა პერსონაჟების არაერთი საქციელი იყო იმაზე მეტად გასაბრაზებელი და არასწორი, ვიდრე ანასი, მაგრამ ქალის ღალატი იმდენად ვერ მიიღო მაყურებელმა, რომ ყველაფერზე მწვავედ ეს აღიქვეს. ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ცუდი საქციელია, მაგრამ ზუსტად ასეთივე ცუდი საქციელია კაცის ღალატი. ღალატი ღალატია, სულერთია, ვისგან მოდის ის, მაგრამ ჩვენს რეალობაში კაცისას მტკივნეულად არ აღიქვამენ და არც ასეთი რეაქციებით ხვდებიან.
– ანას საქციელის გამო პირადად არ გსაყვედურობდნენ?
– კი, მაღაზიაში მქონდა დაუჯერებელი შემთხვევა. შევედი, რაღაცას ვყიდულობდი, გვერდიდან ვიღაც ქალმა ძალიან ცუდად გამომხედა და იქვე მდგომს გადაულაპარაკა, ეს კახპაო (იცინის). არ შევიმჩნიე, ვითომ ვერ გავიგე (იცინის). მოუწერიათ კიდეც, ანა გეხვეწები, ასე ნუ ექცევი გიორგისო.
– რომელს უფრო გულშემატკივრობენ – გიორგის თუ კერესას?
– გააჩნია ასაკს. ახალგაზრდები უფრო კერესას, უნდათ, რომ ანა მასთან ერთად იყოს და უფროსი თაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გიორგი არის იდეალური და საერთოდ, მისი ღალატი წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
– თვითონ რას ფიქრობ?
– მე ვფიქრობ, რომ ანა არცერთთან არ უნდა დარჩეს. როცა ცხოვრებაში ასეთი რამეები ხდება, როცა ურთიერთობები ასეთ ჩიხში შედის, ასე იმსხვრევა და ნადგურდება, მე, როგორც სოფოს, მგონია, რომ ამ დროს ორივე კარი უნდა გამოიხურო და ცხოვრება თეთრი ფურცლიდან დაიწყო. აღარ უნდა ჩაებღაუჭო წარსულს და აღარ უნდა იწვალო. მე არ ვიცი, რა მოხდება სერიალში, მაგრამ როცა ადამიანებს შორის ნდობა აღარ არსებობს, მერე მისი დამსახურება ძალიან ძნელია. როცა ნდობა არ არის, ბოლომდე ბედნიერი ვერ ხარ, ეჭვით ცხოვრობ და ამას ბევრი კონფლიქტი მოსდევს. ეს გიორგისთან ურთიერთობას ეხება, მაგრამ კერესასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, მისი და ანას ურთიერთობა შეიძლება, რუტინიდან გაქცევის მცდელობაა, ემოციების ნაკლებობით გამოწვეული და მუცელში პეპელების განცდის სურვილი მრავალწლიანი ოჯახური ურთიერთობის შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული. იყო გატაცება, მოულოდნელი თავგზის მოულოდნელი არევა და მე ვფიქრობ, ეგეთი ურთიერთობა არც უნდა გაგრძელდეს. უფრო ვნებაზე იყო დამყარებული, ვიდრე სულიერ სიახლოვეზე. მოკლედ, ანა რომ ჩემი მეგობარი იყოს, ვურჩევდი, ორივე ამბავი დაასრულოს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.