ყვარყვარე ჯაყელი მის თანამედროვე საქართველოში ყველაზე ძლიერი ქართველი ფიგურა იყო, რომელმაც ძალა და ენერგია საქართველოს დაშლას და მხოლოდ სამცხის გაძლიერებას მოანდომა ყვარყვარე II ჯაყელი ჯაყელთა საგვარეულოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო, რომელიც მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდისთვის ისეთი ძლიერი და მიზანმიმართული პიროვნება, როგორიც ყვარყვარე ჯაყელი იყო, სხვა ქართველ მეფე–მთავრებს შორის არ გვყავს. თუმცა, სამწუხაროა რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები ყვარყვარე ჯაყელმა საქართველოს დაშლას და მხოლოდ სამცხის სამეფოს გაძლიერებას მოანდომა.
ყვარყვარე ჯაყელი ისტორიულ ასპარეზზე 1447 წელს გამოჩნდა, მაშინ, როდესაც საკუთარ ძმას – აღბუღა ათაბაგს აუჯანყდა და სამთავროს დაკავება მოინდომა, თუმცა დამარცხდა, რადგან აღბუღას საქართველოს მეფემ, გიორგი VIII-მ დაუჭირა მხარი. რამდენიმე წლის შემდეგ აღბუღა გარდაიცვალა და, მიუხედავად იმისა, რომ დარჩა კანონიერი მემკვიდრე, სამთავროს ტახტი ყვარყვარე ჯაყელმა დაიკავა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჯაყელი გიორგი VIII-ის წინააღმდეგ ცდილობდა ბრძოლას.
უნდა აღინიშნოს, რომ ყვარყვარე ჯაყელი ნიჭიერი კაცი იყო, ენერგიული, მიზანსწრაფული, მებრძოლი, მაგრამ, ცუდი ისაა, რომ მან ყველა ეს თვისება მეფესთან დაპირისპირებაში გამოიყენა, რათა შეექმნა ძლიერი, მაგრამ, დამოუკიდებელი სამცხის სამთავრო, რაც მოახერხა კიდეც.
ყვარყვარეს თანამედროვე სამცხის სამთავრო საქართველოს ერთ მესამედს მოიცავდა: შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ამიერტაო, იმიერტაო – ანუ, მთელი ის ტერიტორია, რასაც ისტორიული მესხეთი ერქვა, ყვარყვარე ჯაყელმა მფლობელობაში მოიქცია და გახდა მისი მთავარი.
ამ პერიოდისთვის ვინც კი გაილაშქრებდა გიორგი მერვის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ყველას უკან ყვარყვარე ჯაყელი იდგა. იმერეთის ერისთავი ბაგრატ ბაგრატიონი რომ აუჯანყდა მეფეს, მასაც ყვარყვარე ჯაყელი უმაგრებდა ზურგს. ამას მეფის ერთწლიანი ტყვეობა მოჰყვა. ამასობაში საქართველოში სიტუაცია შეიცვალა: გიორგი VIII-მ ტახტი დაკარგა, მას სამართავად მხოლოდ კახეთის ტახტი დარჩა; ქართლი და იმერეთი – ბაგრატს, მესხეთი კი – ყვარყვარე ჯაყელს.
ყვარყვარე ჯაყელი ცდილობდა, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ, ეკლესიურადაც გამოეყო თავისი სამთავრო საქართველოსგან. თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ეკლესიის ერთიანობა შენარჩუნდა, თუმცა, პოლიტიკურად, სამცხე უკვე აბსოლუტურად ცალკე, დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა, რომელიც თურქმანებს ებრძოდა… ეს ის პერიოდია, როდესაც კონსტანტინეპოლი დაეცა და რომის პაპი ანტიოსმალური კოალიციის შექმნას იწყებს. ამ კოალიციაში ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას, კერძოდ, გიორგი VIII, სამეგრელოს მთავარი და ყვარყვარე ჯაყელი. ყვარყვარემ მიმოწერა გააჩაღა ბურბუნდიის ჰერცობთან, ვენეციის დიდებულებთან … ამ წერილებში ის საკუთარ თავს როგორც ქარციხის ჰერცოგს, ანუ, ახალციხის ჰერცოგს მოიხსენიებდა. სახელი „ყვარყვარე“ ძნელი წარმოსათქმელი იყო ევროპელებისთვის და ის მოიხსენიებოდა როგორც ქარციხის ჰერცოგი ბატონი გორგონა. ბატონი გორგონა აქაც არ მალავდა თავის ამბიციურობას: წერს, რომ გამოიყვანს 30-ათასიან ლაშქარს და თვითონ უნდა იყოს მთელი აღმოსავლეთ ჯარების სარდალი.
ამბავი, რომელიც 1483 წელს მოხდა, ყვარყვარე ჯაყელის პიროვნებას თავისი ამბიციებით, პატივმოყვარეობითა და ლიდერის თვისებებით ნათლად წარმოაჩენს. ამ დროს ქართლის მეფე კონსტანტინე მეორე იყო. ყვარყვარეს ერთ–ერთი ვაჭარი, სავაჭროდ წასულა აზერბაიჯანში, შაქში. უკან დაბრუნებისას ადგილობრივ ვაჭართან მოსვლია შელაპარაკება. სამცხელი ვაჭარი დამუქრებია: მე ყვარყვარეს ვუამბობ ამ ამბავს და ნახავთ, რას გიზამთო. შაქელმა ვაჭრებმა მუქარა აინუნშიაც არ ჩააგდეს და დასცინეს: წახვალ, თორემ, ისიც ახალციხიდან არ ჩამოგვადგეს და საკუთარ კარზე ყურით არ მიგვაჭედოსო. გაძარცული და ნაცემი ვაჭარი მართლაც მისულა ყვარყვარესთან, შეუჩივლია თავის ბატონისთვის – გამძარცვეს, შეურაცხყოფა მომაყენეს და, როდესაც დავემუქრე, ამ ამბავს ყვარყვარეს ვეტყვი–მეთქი, არც კი მიაქციეს ამას ყურადღებაო. ეს რომ ყვარყვარეს გაუგია, შაქში ჩასულა, მოუძებნია ყველა ის პიროვნება, ვინც თავის ვაჭარს შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ისტორიულ წყაროებში წერია, თითოეული მათგანი ყურით მიაჭედა საკუთარი სახლის კარზე. ამ ისტორიის შემდეგ, სამცხეში მომავალმა ჯაყელმა გზად ქართლზე გაიარა. ამ დროისთვის ქართლში უკვე დამკვიდრებულნი არიან ციციშვილები – ყოფილი ფანასკერტელთა საგვარეულო, რომლებიც ჯაყელებმა მესხეთიდან გამოყარეს. არ არის ცნობილი, ციციშვილების წაქეზებით თუ თვით ქართლის ტახტის მმართველის, კონსტანტინეს სურვილით, მაგრამ, ქართლის ტერიტორიაზე მიმავალ ყვარყვარე ჯაყელს გზაში დაწევიან და უთქვამთ: შენ, ქართლის მიწაზე რომ მიბრძანდები, კეთილი ინებე, ეახელი კონსტანტინე II-ს და თაყვანი ეციო! ყვარყვარემ – გამანებეთ თავი! ჩემს საქმეზე ვიყავი და ქართლისთვის არაფერი დამიშავებიაო. მაშინ შეკრიბეს ჯარი, სათავეში დაუყენეს ციციშვილები და გამოუდგნენ ყვარყვარეს. ამასობაში ციციშვილმა ელჩად ქართლის ეპისკოპოსი გაუგზავნეს ყვარყვარეს, მისთვისაც უთქვამს სამცხის მთავარს: გამანებეთ თავი! ჩემს საქმეზე ვიყავი და ქართლისთვის არაფერი დამიშავებიაო. ამაზე დანანებით უთქვამს ეპისკოპოსს _ ყვარყვარე, ეტყობა, არ იცი შენ, რომ ძალა აღმართს ხნავსო. ამის შემდეგ მოხდა ბრძოლა სოფელ არადეთთან, რომელშიც ყვარყვარემ გაიმარჯვა. მას ტყვედ სწორედ ის ეპისკოპოსი ჩაუვარდა, რომელმაც ელჩის ვალდებულება შეითავსა. გამარჯვებულ სამცხის მთავარს დატყვევებული ეპისკოპოსისთვის შეუხსენებია: როგორ მითხარი, ძალა აღმართს ხნავსო?! ახლა მე შენ გაჩვენებ, როგორ ფარცხავს ნება თავდაღმართსო! – და საწყალი ეპისკოპოსი წვერით უთრევია. თუმცა, საინტერესოა, რომ მემატიანეები წერენ სამცხის მთავრის შესახებ: იმისი სამართალი ჯობდა და იმიტომაც გაიმარჯვაო.
სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი XV საუკუნის II ნახევარში ყველაზე ძლიერი ქართველი ფიგურაა, მაგრამ, მან თავისი ნიჭი და შესაძლებლობები საქართველოს დაშლას და მხოლოდ სამცხის სამეფოს გაძლიერებას მოანდომა. წარმოუდგენელია, არ სცოდნოდა, რომ ცალკეული სამთავროები დიდხანს ვერ შეძლებდნენ არსებობას, ყოველივე ეს კი საქართველოს დაშლას და საბოლოო ჯამში, მაინც ქართველობის მოშლას ნიშნავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო მისი ლტოლვა ძალაუფლების მოსაპოვებლად, რომ ყვარყვარე ჯაყელმა მთელი თავისი ნიჭი, ძალა და ენერგია ამას მოანდომა, ანუ, ქვეყნის საზიანოდ გამოიყენა, რასაც მიაღწია კიდეც… განაგრძეთ კითხვა ბმულზე