დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა.
გთავაზობთ ამონარიდს, მამა თეიმურაზის ჩანაწერებიდან:
ფეხით სიარულს ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ. ცოცხალი ურთიერთობა გაქვს სამყაროსთან. ადამიანებთან. მაგრამ… როდესაც დიდი ჩაილურის მოძღვრობა მარგუნა ყოვლად-სახიერმა უფალმა, ჩემი ადამიანური ძალმოსილებიის უძლურებიდან გამომდინარე, ამდენ კილომეტრს ფეხით ვერ დავფარავდი. ხოდა… იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და მრევლის დახმარებით თითქმის ყველა სახის ტრანსპორტით მიწევს მგზავრობა. ე.წ. „ჯიპით” ; მშვენიერი ტრაქტორით; ე.წ “ჯიპზე“ უფრო ძვირადღირებული ცხენით და ა.შ…
ერთი პერიოდი ისეთი ავტომობილით გადავაადგილდებოდით, რომლის პატივისცემაც ძნელად, თუ დაავიწყდება ადამიანს. მართალია, წყალი ჩამოდიოდა. ბენზინს, ზეთს და წყალს ერთნაირი რაოდენობით მოიხმარდა და სიარულისას ისეთ ხმებს გამოსცემდა თავი რკინის სამჭედლოში გეგონებოდა, მაგრამ იყო მასში რაღაც ისეთი რაც ადამიანს იზიდავდა . . .
დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ ავტომობილის საგმირო საქმეებზე, მაგრამ ეს პირადი საუბრის დროს იყოს… თუ ვინმე გაიფიქრებთ, რომ გაგვეყიდა, ეს ასე ადვილი საქმე არ გახლდათ. მისი თვითღირებულება 400 დოლარი იყო, მაგრამ როდესაც მანქანის სანახავად მოდიოდნენ მისი ფასი ყველას კატასტროფულად ეძვირებოდა… ერთხელ ერთმა დალოცვილმა ადამიანმა ამ მანქანაზე გვითხრა: „სირცხვილი ამ მთავრობას ! უკეთესი მანქანა, რომ არ გამოგიყოო“. მას ეგონა, რომ სასულიერო პირები მთავრობის მიერ გამოყოფილი ავტომობილებით გადავაადგილდებით. როდესაც ავუსხენი, რომ ეს ასე არ იყო, ვერაფრით დაიჯერა…
კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სოფელში ტრაქტორით გადავაადგილდებოდი, ყველას გაოცებული სახე ჰქონდა და ცდილობდნენ ტელეფონის კამერით დაეფიქსირებინათ ეს მოვლენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თავი იმპერატორი მეგონა, რომელიც ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ტრიუმფალური თაღით შედიოდა ქალაქში.
ერთხელ ჩემი მეგობრის დახმარებით, რომელსაც ჯიპი აქვს ( მინდა გითხრათ, რომ მის ამ ავტომობილს შეთავსებული აქვს ყველა ტვირთმზიდი საშუალების ფუნქცია) სოფელში სამშენებლო მასელები წავიღეთ, იმ დღესვე მომიწია ტრაქტორით მგზავრობაც. ვაკვირდებოდი ადამიანებს და ერთ რამეს მივხვდი, როდესაც ჯიპში მხედავდნენ არანაირი რეაქცია არ შეინიშნებოდა მათ სახეზე, ხოლო როდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა.
საოცარია ერთი რამ, რასაც ამ ამბების შემდეგ ჩემს თავზე დაკვირვებით მივხვდი. ჯიპში, ცხენზე თუ ტრაქტორში მე – ყველგან ისევ ის ნაგავი ვიყავი – რაც ვარ. წარმოიდგინეთ და ვერცერთმა გადაადგილების საშუალებამ ვერ შემცვალა და გამაკეთილშობილა. ამით კი, იმის თქმა მსურს, რომ ნურასოდეს შეაფასებთ ადამიანებს გარეგნულად. ყველას გულში ეძებეთ ნამდვილი ადამიანი. ვეძებოთ სიკეთე, რომელიც ყველა ადამიანშია. ვეძებოთ ერთმანეთში სიყვარული და თუ ამის პოვნას შევძლებთ, მაშინ უკვე აზრი აღარ ექნება არანაირ გარეგნულ ფასეულობას.“იყვარებოდეთ ურთიერთ-არს”
წყარო: epilogi.ge