გთავაზობთ მომღერალ მარიტა როხვაძის ინტერვიუს ჟურნალ „თბილისელებთან“
„ბოლო პერიოდში მარიტა როხვაძის სოციალურ ქსელში დადებული ფოტოები ნამდვილად გაოცებას იწვევს. მომღერალი საოცარ ფორმაშია. როგორც ამბობს, ზოგადად, ზაფხულში იკლებს, თუმცა, ზედმეტ კვებას და ცომეულს მაინც ერიდება. ეს ზაფხული მისთვის საკმაოდ დატვირთულია, რადგან უამრავ კონცერტზე უწევს გამოსვლა.
– მარიტა, რამდენად გიყვარს ზაფხულის პერიოდი და მოასწარი დასვენება?
– ზოგადად, წელიწადის ყველა დრო მიყვარს, თუმცა ზაფხული დასვენებასთან, ძალების აღდგენასთან და განტვირთვასთან ასოცირდება. მაგრამ, რომ გითხრათ, მთელი ცხრა თვე ზაფხულის სეზონის დადგომას ველოდები-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემთვის წელიწადის ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს. ჩემი ზაფხული, ძირითადად, კონცერტებია და ეს არის ჩემი სიმშვიდე – თან საქმე, თან დასვენება.
– ზოგადად, სად დასვენებას ანიჭებ უპირატესობას – მთაში, სიწყნარეში თუ ზღვის სანაპიროზე და ხმაურიან გარემოში?
– მშვიდი დასვენება მთაში და ხმაურიან გარემოში ზღვაზე – ორივე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მთასაც და ზღვასაც განსხვავებული, თავისებური ენერგეტიკა, მუხტი და აურა აქვს. მთავარია, როგორ განწყობაზე ხარ ადამიანი და როგორ გარემოცვაში. ჩემი ყველა ზაფხული მართლა დაუვიწყარია და თავგადასავლებით სავსე, ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება, ზაფხული იანვარშიც მოვიყვანო, არც ესაა პრობლემა (იცინის).
– ახლახან სოციალურ ქსელში დადე ფოტოები, სადაც სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭთან ერთად ხარ გადაღებული, რასაც მაშინვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ მარიტა შეყვარებულია. ზოგადად, დაკვირვებული ვარ, რამდენჯერაც მეგობარ ბიჭთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებ, იმდენჯერ გაწყვილებენ და სასიყვარულო ურთიერთობას მიაწერენ.
– უკვე მეცინება ამაზე და ვერთობი, მაგრამ თან, ვბრაზობ. კი ბატონო, ზაფხული სასიყვარულო ურთიერთობებთან, ფლირტთან და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვინმესთან გადაღებულ ფოტოს თუ დადებ ან ვინმეს გვერდითაც დაგინახავენ, შენი შეყვარებულია, საქმრო თუ ბოიფრენდი. საკმარისია, ბიჭთან გადაღებული ფოტო დავდო და ეგრევე სასიყვარულო ურთიერთობას მიაწერენ და ეს ჭორი ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ვთქვა ხმამაღლა და ყველამ გაიგოს: აღარ ვსაუბრობ ჩემს პირად ურთიერთობებზე, რადგან არც განხილვის საგნად მინდა, იქცეს და მით უმეტეს, არც თვალი მეცეს (იცინის). ეს თემა დახურულია და თუ მეგობარ ბიჭთან გადაღებულ ფოტოს დავდებ და მასზე ატყდება ჭორები, ეს იმათი პრობლემაა, ვისაც უნდა, რომ ეს ამბავი დაიჯეროს. კიდევ ვამბობ, საკუთარ თავს ავუკრძალე პირად თემებზე ხმამაღლა საუბარი. დამღალა ჭორებმა და ჩემზე გამოგონილმა აბსურდულმა ამბებმა. არ მინდა, ჩემი პირადი განხილვის თემად იქცეს. მე ვერავის ავუკრძალავ თავისი აზრის გამოთქმის უფლებას, მაგრამ ელემენტარული გადამოწმება ხომ უნდა შეეძლოს ადამიანს, რომ ჭორები არ ავრცელოს? ზოგადად, ისეთები ჭორაობენ და განიხილავენ სხვების ცხოვრებას, ვინც რეალიზებული არ არიან, მეტი საქმე არ აქვთ და ჩასაფრებული არიან, ვინ ვის გვერდით გაივლის და ვისთან გადაიღებს ფოტოს.
– შესანიშნავი რუჯი გაქვს და ძალიან გიხდება. ზაფხულში კანს განსაკუთრებული მოვლა უნდა, მით უმეტეს, გარუჯულს. როგორ უვლი კანსა და სხეულს?
– მხოლოდ დამატენიანებელს ვხმარობ. კანს ზედმეტად არც მზისგან ვღლი და არც კრემებისგან. მირჩევნია, კანს სუნთქვის საშუალება მივცე. თან, არც პრობლემური კანი მაქვს, ამაში გამიმართლა.
– ზაფხულის პერიოდში მაკიაჟს იკეთებ?
– მაკიაჟს ისე არ ვიკეთებ და ზაფხულში, ხომ, საერთოდ გამორიცხულია. არ სჭირდება ჩემს კანს, მით უმეტეს, გარუჯულს და თან ზაფხულში მაკიაჟი ძალიან მემძიმება. კონცერტი თუ მაქვს, „ლაითი“ მაკიაჟი მიკეთია და როგორც კი სცენიდან ჩამოვდივარ, ეგრევე ვიშორებ.
– ამ ბოლო დროს, საოცარ ფორმაში ხარ. თუ არ ვცდები, საკმაოდ ბევრი ზედმეტი კილოგრამი გაქვს დაკლებული და ეს დიეტის დამსახურებაა, ვარჯიშის თუ სწორი კვების?
– ყველა მეკითხება, ვისი დიეტის საშუალებით დაიკელი წონაშიო. ექვსი კილოგრამი მაქვს დაკლებული. ზოგადად, ზაფხულში ვიკლებ ხოლმე, თუმცა, კვების რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული. ვცდილობ, მსუბუქად ვიკვბო და საღამოს გვიან საათებში დანაყრებას მოვერიდო. ასევე, ვცდილობ, ვსვა ბევრი წყალი. როცა ფორმაში ვარ, მიხარია სარკეში ჩახედვა, ყველაფერს ვირგებ და ნებისმიერ სამოსში კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– მარიტა, რამდენად გხიბლავს გამოწვევები, სიახლეები, რისკიანი ადამიანი თუ ხარ, თუ გაგირისკავს და გაგმართლებია?
– მიყვარს გამოწვევები და ცვლილებები. უფრო მობილიზებული, კონცენტრირებული და მებრძოლი ვხდები. რაც შეეხება რისკს, ხშირად გამირისკავს და ჩემს შემთხვევაში, ყოველთვის ამართლებს. ბევრჯერ ყოფილა, ყველა დეტალი გამითვლია, ბევრი მიფიქრია და მერე გადამიდგამს ნაბიჯი და არ გაუმართლებია. მაგრამ, როცა პირდაპირ რისკზე წავსულვარ, მომიგია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანამ რამეს მოიმოქმედებ, არ უნდა იფიქრო და ყველაფერი თვალდახუჭული გააკეთო. არის შემთხვევები, როცა დაფიქრებაა საჭირო და სულსწრაფი გადაწყვეტილება და რისკი წაგებიანია.
– როგორ ადამიანებს ვერ დაიყენებ გვერდით?
– ვცდილობ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ, როცა ადამიანი დაუნახავია, ვცდილობ, ჩამოვიშორო. ურთიერთობისას, მადლიერების გრძნობა ჩემთვის მთავარი და გადამწყვეტია. ასევე, არ მიყვარს მატყუარა და მოღალატე ადამიანები, თვალებში რომ გიყურებენ და გატყუებენ. ადრე მიამიტი ვიყავი, ახლა ვისწავლე ადამიანებთან მოქცევა. როცა ერთხელ აპატიებ და გაუტარებ ადამიანს, ის მეორედაც იმავეს გააკეთებს, ამიტომ სჯობს, ჩამოიცილო და გზა დაულოცო“.