მწერალი ნოდარ დუმბაძე საკმაოდ ნაადრევად გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. ძნელად მოიძებნება უახლეს ისტორიაში სხვა ცნობილი პიროვნება, რომელზეც ამდენი სახალისო ისტორია იყოს გავრცელებული.
გაგაცნობთ მსახიობ დიმა ჯაიანის მოყოლილ ისტორიას, რომელიც ვფიქრობ ფართო საზოგადოებისათვის უცნობია და კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რაოდენ დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობდა შესანიშნავი რომანისტი.
ეს ისტორია აფხაზეთის ომთან არის დაკავშირებული, რომელსაც მსახიობი ემოციების გარეშე ვერასდროს იხსენებდა:
“აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში ჩემი სახლის კედლები ფოტოებით იყო აჭრელებული. იყო სურათები სპექტაკლებიდან, ფილმებიდან, მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები… როდესაც სოხუმი დაეცა და ჩვენ იქიდან წამოვედით, ამბავი ჩამომივიდა თბილისში, აფხაზები შევარდნენ შენს სახლში, მთელი ფოტოები ავტომატის ჯერით გადაცხრილეს და მხოლოდ იმ ფოტოებს არ აქვს მოხვედრილი არც ერთი ტყვია, რომლებზეც ნოდარ დუმბაძეაო. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერასდროს ვიხსენებ. ნოდარი მართლაც გულიანი ადამიანი იყო, მას ძალიან უყვარდა აფხაზეთი და აფხაზები და როგორც ჩანს, მათაც ძალიან უყვარდათ.”
წყარო:ინტერმედია