ნუტრიციოლოგის რჩევებზე დაყრდნობით გავარკვიოთ, რა არის მითი და რა რეალობა 18:00 საათის შემდეგ ჭამასთან დაკავშირებით. რატომ შეიძლება იყოს ვახშმის შეზღუდვა ორგანიზმისთვის საზიანო და რომელი საკვების მირთმევა ჯობს საღამოს.
მითი 1: საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა ცუდია
ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია დიეტისა და ჯანსაღი კვების სამყაროში. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 18:00 საათის შემდეგ ვახშამი საზიანოა ფიგურისა და ჯანმრთელობისთვის.
რეალობა: კვების დრო არ არის გადამწყვეტი თქვენი სხეულისთვის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოხმარებული კალორიების მთლიანი რაოდენობა და საკვების ხარისხი. ჭამის დროის შეზღუდვა შეიძლება სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც საღამოს ჭარბად ჭამს ან უჭირს ღამით დაძინება მძიმე ვახშმის გამო. თუმცა, ბევრისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრების წესს ეწევა ან გვიანობამდე მუშაობს, 18:00 საათის შემდეგ ვახშამი გამართლებულიცაა და აუცილებელიც.
მითი 2: გვიანი ვახშამი იწვევს წონის მატებას
წონის მატების პრინციპი ასეთია: თქვენ იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე წვავთ. დაუბალანსებელი და არასწორად შედგენილი კვების რაციონს შეუძლია გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება ორგანიზმში.
რეალობა: წონა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ როდის მიირთმევთ ვახშამს, არამედ თქვენს საერთო კალორიულ ბალანსზე. თუ თქვენ მოიხმართ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავთ, წონაში მოიმატებთ, მიუხედავად იმისა, როდის ჭამთ. მნიშვნელოვანია ვახშმის ხარისხის მონიტორინგი, უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ კერძებს, ასევე აკონტროლეთ პორციის ზომა.
მითი 3: რძის პროდუქტები არ უნდა მიირთვათ საღამოს
შემდეგი მითი ეხება რძის პროდუქტებს, რომელთა შესახებაც არსებობს მოსაზრება, რომ ისინი უნდა მიირთვათ დილით და შუადღეს და არა საღამოს. რძე და რძის პროდუქტები კალციუმის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. გარდა ამისა, რძე შეიცავს იოდს, კალიუმს, ფოსფორს და ვიტამინებს – B2, B1 და B12. მაწონი მთლიანად ინარჩუნებს რძეში შემავალ სასარგებლო თვისებებს, რომელიც ამავდროულად, ადვილად შესათვისებელი და მოსანელებელია.
რეალობა: რძის პროდუქტები, როგორიცაა მაწონი, იოგურტი, რძე და ხაჭო, ცილის, კალციუმის და სხვა ვიტამინებისა და მინერალების ღირებული წყაროა. მათი საღამოს მოხმარება არა მხოლოდ უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, არამედ სასარგებლოც. მაგალითად, რძის პროდუქტების ცილა ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და ნაყროვანების გრძნობას, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ჭარბი კვება საღამოს.
თუმცა საღამოს ვახშმისთვის რძის პროდუქტების არჩევისას უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ უცხიმო ვარიანტებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი კალორიები.