გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვისას ავრცელებს, სადაც ის საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს.
„საქართველოში აღმოაჩინეს ახალი შტამით ინფიცირებული 1 ადამიანი. ჩვენ ჯანდაცვის სისტემა არა გვაქვს ჩამოყალიბებული, ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით რამდენი ადამიანია ინფიცირებული ახალი შტამით საქართველოში – ესაა რეალური. არ ვიცით კოვიდით რამდენია ინფიცირებული, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, კიდევ ერთხელ გეტყვით, არც ეს ვიცით.
როცა გვქონდა შეხვედრა, სადაც პრემიერიც იყო, ვიკითხე, როგორი იყო სიკვდილობის მაჩვენებელი ქვეყანაში და უხეში პასუხი მივიღე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან…
ჩვენ ეს ყველაფერი ვიცითო და თქვენ რომ იცით, მოსახლეობასაც უთხარით. ბევრი რაღაცა იცით, მაგრამ იმდენი ჩავარდნები გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა… გასაგებია, რომ მაგრები ხართ, გავლენები გაქვთ, ცნობილები ხართ, მესმის, მაგრამ ქვეყანამ როცა გადალახა რაღაცა საზღვარი… როცა შენ საქმეს არ აკეთებ და თეორიებით მელაპარაკები, იქნებ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და მოსახლეობას გაუტაროთ სწორი საინფორმაციო პოლიტიკა. სწორი საინფორმაციო კამპანია საერთოდ არ არსებობს. პირბადეები დოლბანდითო, რომ თქვეს, კარგად გვახსოვს – დოლბანდი როგორ შეიძლებოდა საავადმყოფოში, ხალხო? 50-იან წლებში დოლბანდით ვმუშაობდითო… შეიტანეს დოლბანდი საავადმყოფოებში და იმიტომ არის სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებული, ვისი ბრალია ეს? – დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დამესევიან ახლა ლანძღვით, კი, ბატონო, რაც გინდათ, თქვით“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 1 კვირის განმავლობაში შეამსუბუქა გახსნა მოლები და ა.შ არასწორი იყო.
„ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩუმად ვიყავი, იქეიფეთ… რა იყო ეს ერთკვირიანი გახსნა? ვითომ კარგი ქნეს? მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გავწვებოდი და ვიყვირებდი, რომ არ შეიძლება გახსნა, მაგრამ პოლიტიკოსები არიან… როცა ექიმი ხარ, ფიცი გაქვს მიცემული, სიმართლე უნდა თქვა და მტერიც რომ მოვიდეს, შენი დედის მკვლელიც რომ მოვიდეს საოპერაციოში საუკეთესო ოპერაცია უნდა გააკეთო. არ გაქვს მისი განსჯის უფლება. ეს არის განსხვავება ექიმს და არაექიმს შორის. ადამიანებს დაავიწყდათ რა არის ექიმობა. ასეთ დროს ფული კეთება არის დანაშაული.“- ამბობს ფხაკაძე.