ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, შესახებ ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერში“ გასულ სიუჟეტის გამოეხმაურა.
„შვილს მამუკა ხაზარაძის დაფუძნებული სკოლა დაამთავრებინა და ფრანკლინის დაფუძნებულ უნივერსიტეტში გაუშვა ბაიდენის ქვეყანაში და ჩვენ მორგოშიას, დუგინს და პუტინს რა პონტში გვტენის?“, – წერს ის.
შეგახსენებთ, მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.
მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.
ჟურნალისტების მტკიცებით, ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.
მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.
მთავრობის ოპონენტები ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას ითხოვენ.