დღეს დიდი დღეა – ამ სათაურით გამოაქვეყნა გუშინ ინსტაგრამზე პოსტი მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ. სთორიში ჩანს თიკა ფაცაციას მამა, ძმა კალათბურთელი ლევან ფაცაცია და თავად თიკა, რომლებიც გიტარის თანხლებით მღერიან.
რა იგულისხმა თიკამ, როცა დაწერა, რომ დიდი დღეა, ეს არ განუმარტია, თუმცა როგორც გაირკვა ფაცაციას მამა კოვიდინფიცირებული იყო, რომელიც ჯერ რუხის კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო მოგვიანებით, მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.
მამის კოვიდინფიცირების შესახებ თიკა ფაცაციამ გადაცემა “სხვა შუადღეში” ისაუბრა.
“გუშინ ძალიან კარგი რამ მოხდა. მამა კოვიდით იყო დაინფიცირებული და გამოჯანმრთელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ექიმებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, გული მიჩუყდება… პირველ რიგში, მადლობა ნინო ბეშიტაშვილს, რომელიც თბილისიდან მივლინებული იყო რუხის ჰოსპიტალში ორი კვირით, მთელი სამი თვეა იქ არის, არ ჩამოსულა და უვლის იქაურ პაციენტებს. ლევან ფსუტურს, რომელიც კლინიკის დირექტორია, სწორედ ამ ორ ადამიანს ვესაუბრებოდი მამის ჯანმრთელობაზე.
რუხის ჰოსპიტალში იწვა მამა და ეს ადამიანები იყვნენ მისი ოჯახი, შემეძლო მათთან ყოველთვის დამერეკა და გამეგო როგორ იყო მამა. მათ ყველაფერი იდეალურად გააკეთეს, მაგრამ მაინც გახდა საჭირო, რომ თბილისში გადმოგვეყვანა.
გზაში საგანგებო სიტუაციაში მართვის სამსახური ჩაერთო და ამირან გოგიტიძეს მინდა ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა, რომ დროში შეუფერხებლად გადმოიყვანეს მამა თბილისში.
ბოლოს ლევან რატიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, მან დაასრულა მამას მკურნალობა. გუშინ მამა გამოწერეს და ძალიან გახარებული ვარ. ამ დღეზე ვოცნებობდი ბოლო 15 დღის განმავლობაში. ვცდილობდი, ეთერში არ მეჩვენებინა ჩემი მდგომარეობა. ეს ახალი წელი იქნება ჩემთვის ბედნიერი”, – ამბობს თიკა ფაცაცია.