იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, კორონავირუსის ნამდვილი, მეორე ტალღა გაზაფხულზეა მოსალოდნელი. მან „ინტერპრესნიუსთან“ ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე, 2020 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა არსებულ ეპიდვითარებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. ბიძინა კულუმბეგოვს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გაზრდა, მეტი ტესტირების ჩატარება, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება.
„რეალურად, ჩვენთან ეს პირველი ტალღა იყო. რაც ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა გაზაფხულზე იგრძნეს, ჩვენთვის პირველი ტალღა სწორედ ახლა იყო. ამიტომ, უჭირთ გამკლავება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ამ თვალსაზრისით სიურპრიზი არ ყოფილა. რეალისტები უნდა ვიყოთ, მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ ვაქცინის 80-90 პროცენტიანი მოცვაც კი, ყველას რომ სურვილი ჰქონდეს, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ 2021 წელს მოსახლეობის 20% ავცრათ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაღაც ეტაპზე ინფიცირებულთა რიცხვი დაიკლებს, შემდეგ ისევ მოდუნდება ხალხი. ამიტომ, ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც, კიდევ გვექნება გაზაფხულზე. ამიტომ, ვისურვებდი მეტ ჩართულობას, ექიმების სოლიდარობას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის პირველადი რგოლი უკეთესი იყოს, ხოლო ოჯახის ექიმები ის მედიკოსები იყვნენ, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტად ენდობიან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტიტუტი, რაც მათ განათლებაზე, ცოდნასა და კომპეტენციაზე გადის. ამიტომ, ბევრი უნდა ჩადოს ქვეყანამ, რომ ექიმები პირველადი ჯარისკაცები იყვნენ, რომ ნებისმიერ შემოჭრილ მტერს გაუმკლავდნენ. მთავარ პრობლემას ამაში ვხედავ სწორედ. თუ ჯანდაცვის პირველადი რგოლი არ გაძლიერდა, შესაძლოა, ასეთი პრობლემების წინაშე მომავალ წელს კიდევ დავდგეთ. ვისურვებდი, რომ ქვეყანამ ამაზე იზრუნოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები უნდა გაიზარდოს, რომ შესაძლო ახალი ტალღის შემთხვევაში მზად ვიყოთ. ასევე, გაცილებით მეტი ტესტირების შესაძლებლობა უნდა იყოს. ჩვენ იქეთ უნდა შევაწუხოთ სხვები და არ უნდა დაველოდოთ, როდის მოგვცემენ ესა თუ ის ქვეყნები ვაქცინას“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ საჭიროებს. კულუმბეგოვმა სრული შეზღუდვების დაწესების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციას „ხალხის ემოციებზე თამაში“ უწოდა.
„ჩვენ პერიოდულად კონსულტაციას ვუწევთ საკოორდინაციო საბჭოს. ეპიდემიის არსებული დინამიკა არ საჭიროებს, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს. ეს არის ხალხის ემოციებზე არასწორი მანიპულირება და თამაში. ყველამ თავი შეიკავოს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. მთავარი წყაროსგან, ამ შემთხვევაში კი, საკოორდინაცოო საბჭოსგან მოვისმინოთ ასეთი ინფორმაცია. თუ ადამიანი ლოგიკურად მსჯელობს, 3 იანვარს რატომ უნდა გამოცხადდეს სრული „ლოკდაუნი“, ამას ვერ ვხვდები. ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი და არასწორი ინტერპრეტაციაა, დაუსაბუთებელი და ყოველგვარი წყაროს გარეშე გაცხადებული. არ ვიცი პირველწყარო, ვინ თქვა, მაგრამ ახლა სახელმწიფოს მეტი შემზღუდავი ღონისძიებები არ სჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული შეზღუდვები სწორად შევასრულოთ. პირბადის ტარება უნდა იყოს 95 %. ეს არის ცალსახა მოთხოვნა, თუ გვინდა ცხოვრება გავაგრძელოთ ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის დაზიანება მაქსიმალურად ავირიდოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან საინტერესოდ განმარტავს- ჯანმრთელობა არის ადამიანის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა. ამიტომ, თუ სამივე არ არის, ადამიანი ჯანმრთელი არ არის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სამსახური ჰქონდეთ და ამ შეზღუდვებით ის ელემენტარულიც კი არ დაეკარგონ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.