მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა…
“რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, – წერია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში… გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი…
მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ცნობილმა ხელოვანებმა გაგვიზიარეს…
ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:
– კიდევ ერთი დანაკლისი, ძალიან მძიმე – ჩემთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის… გოგისთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს და ამიტომაც, ყველაფრის გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია… ნამდვილი არტისტი, პროფესიონალი და ძალიან გულთბილი ადამიანი… წავიდა კიდევ ერთი ისეთი პიროვნება, ვინც ჩვენს ცხოვრებას რაღაცნაირად ალამაზებდა…
– გოგი ხარაბაძე სცენიდან ძალიან ადრე წავიდა…
– დიახ, მისი შვილის დაღუპვა მთელი ოჯახის უდიდესი ტრაგედია იყო… ის მოუნელებელი ტკივილი მე რუსუდან კიკნაძესთან ერთად გადავიტანე, რადგან მაშინ მასთან ახლოს ვიყავი. საშინელი რამ, რაღაც გაუგებარი მოხდა, სხვა ქვეყანაში… ვფიქრობ, გოგიმ ვერასოდეს მოინელა, ამ ტკივილით იცხოვრა…
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:
– გოგი ხარაბაძე მართლაც შესანიშნავი მსახიობი, პიროვნება იყო… ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი ეროვნული შეგნება ჰქონდა და გამოხატავდა კიდეც! როცა საქართველოს უჭირდა, ქვეყანას თავის მეგობრებთან ერთად გვერდით ედგა და ყველაფერს აკეთებდა, სიმართლე ნათქვამი ყოფილიყო…
მეტსაც გეტყვით: ტელეფილმების სტუდიაში მან ბიბლიის მიხედვით შესანიშნავი ციკლი შექმნა, სადაც ჭეშმარიტებაზე, სულიერებაზე, რწმენაზე მიდიოდა საუბარი…
გოგი ხარაბაძის პირველივე – ოთარის როლი მახსოვს, ოთარ იოსელიანის მიერ გადაღებულ ფილმში „გიორგობისთვე“… ბრწყინვალედ ითამაშა, გამორჩეული მსახიობი იყო, დიდი მეგობარი და ნამდვილი, ღრმა ქართველი… უდიდესი დანაკლისია ქართული თეატრისთვის, კულტურისთვის, საქართველოსთვის.
გოგი ხარაბაძე ხელოვნებიდან არასოდეს წასულა! როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ტელეფილმების სტუდიაში ციკლი შექმნა – თხრობა ბიბლიის შესახებ და ამით ნათქვამია, რომ ხელოვნება, კულტურა არასოდეს მიუტოვებია….წაიკითხეთ სრულად