ჰინტერკაიფეკის ფერმა მიტოვებული ადგილი იყო. ბავარიის ქალაქ გრობერნის მახლობლად მდებარე ტყესთან, მიუნხენიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე, ქალაქ კაიფეკში იდგა 35 წლის ვიქტორია გაბრიელის სახლი, სადაც ის ორ შვილთან 7 წლის კაზილიასთან, 2 წლის ჯოზეფთან და მის მშობლებთან ანდრეას და კაზილია გრუბერებთან ერთად ცხოვრობდა.
ოჯახი ჩაკეტილობით გამოირჩეოდა, თუმცა ამისდა მიუხედავად 1922 წლის პირველ აპრილს მათ საზოგადოების ყურადღება მიიქციეს, როდესაც 7 წლის კაზილია სკოლაში არ გამოცხადდა შემდეგ კი ეკლესიაში წირვაზე ოჯახიდან არავინ მისულა. ეკლესიაში ვიქტორია გუნდის წევრი იყო კაზილიამ 3 აპრილს ისევ გააცდინა სკოლა. 4 აპრილს ოჯახის მეზობლებმა გადაწყვიტეს გამოძიების ჩატარება. ლორენც შლიტენბაუერი იყო ფერმერი, რომელიც იქვე ცხოვრობდა და ხელმძღვანელობდა სამძებრო ჯგუფს.
რაც სამძებრო ჯგუფმა აღმოაჩინა, მთელი დღის განმავლობაში მათ გონებას არ ტოვებდა.
ბეღელში სამძებრო ჯგუფმა იპოვა თივით დაფარული ოთხი ნაცემი სხეული. სახლის შიგნით აღმოაჩინეს 2 წლის ჯოზეფის და მოახლის, მარია ბაუმგარტნერის ცხედრები. ეს იყო ბაუმგარტნერის სამსახურში მუშაობის პირველი დღე – წინა მოსამსახურემ დატოვა თანამდებობა, ის მიიჩნევდა რომ სახლი დაწყევლილი იყო.
საუკუნეზე მეტია, დანაშაულებებში ეჭვმიტანილი ათეულობით ადამიანი იქნა დაკავებული, თუმცა დამნაშავე არასოდეს დაუჭერიათ. ჰინტერკაიფეკის მკვლელობები რჩება გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და ყველაზე ცნობილ გაუხსნელ დანაშაულად.
ნაბიჯები კვალი თოვლში
სასამართლო ექიმმა იოჰან ბაპტისტ აუმიულერმა ჩაატარა ოჯახის გაკვეთის პროცედურა. უფროს კაზილიას აღენიშნებოდა დახრჩობის ნიშნები და ჰქონდა მიყენებული შვიდი დარტყმა თავის არეში, რის გამოც მას თავის ქალა გაებზარა. მისი ქმრის, ანდრეასის სახე სისხლით იყო გაჟღენთილი, ლოყის ძვლები კი სახის კანისგან იყო ამოგლეჯილი. თავის ქალა დამსხვრეული ჰქონდა ვიქტორიასაც. მას თავზე ცხრა „ვარსკვლავური“ ჭრილობა აღენიშნებოდა. უმცროსი კაზილიას ქვედა ყბა დამსხვრეული იყო, ხოლო სახე და კისერი დაფარული იყო წრიული ჭრილობებით.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსი კაზილია, ანდრეასი და ვიქტორია, სავარაუდოდ,თავში მიყენებული დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ, აუტოფსიამ დაადგინა, რომ უმცროსი კაზილია თავდასხმის შემდეგ სავარაუდოდ ცოცხალი იყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომხდარის გამო ის შოკში ჩავარდა, ამის არგუმენტად კი ისინი აცხადებენ, რომ კაზილიას ხელში თავიდანა მოგლეჯილი საკუთარი თმები ეჭირა.
სახლში ასევე იპოვეს პატარა ჯოზეფისა და მოახლე მარია ბაუმგარტნერის გვამები. მარია თავის არეში ჩარტყმით მოკლეს თავის საძინებელში, ჯოზეფი კი სახეზე მძიმე დარტყმით ვიქტორიას ოთახში, თავის საწოლში იპოვეს. ბეღელში მყოფი სხეულების მსგავსად, მათი სხეულებიც იყო დაფარული: მარიას ზეწრებით, ჯოზეფის კი დედის ერთ-ერთი კაბით. ფერმის ცხოველები და ოჯახის ძაღლები უვნებელი დარჩნენ. საინეტერესოა ისიც, რომ ცხოველებს ვიღაც უვლიდა ის პერიოდი, სანამ გვამები აღმოაჩინეს.
პოლიცია თავდაპირველად მიიჩნევდა, რომ დანაშაული შესაძლოა მაწანწალებს ან ცუდი რეპუტაციის მქონე სხვა მოგზაურ მამაკაცებს ჩაედინათ, მაგრამ ეს თეორია მალევე უარყეს, მას შემდეგ, რაც სახლში დიდი თანხები იპოვეს. ცნობილია, რომ მკვლელი რამდენიმე დღე დარჩა ფერმაში, აჭმევდა ცხოველებს, ჭამდა და ცეცხლს ანთებდა კერაში. პოლიციამ დაკითხა ყოფილი მოახლე, მან კი განაცხადა, რომ სახლი დაწყევლილია, ის ამტკიცებდა, რომ სხვენიდან გამუდმებით ესმოდა საშინელი ხმები.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრეასს ზებუნებრივი ფენომენის არ სჯეროდა, მანაც აცნობა მეზობლებს მის ირგვლივ დატრიალებულ უცნაურ მოვლენებზე. ანდრეასმა სახლში იპოვა გაზეთი რომელიც თავად არ უყიდია, მან აღმოაჩინა ნაბიჯების კვალი თოვლზე, რომელიც ტყიდან სწორედ იმ ფერმამდე მიდიდოა.
ამ ყველაფერს თან დაერთო ისიც, რომ სახლის ორი გასაღებიდან ერთი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაიკარგა. დაგროვებული მტკიცებულებების თანხმად, რომლებიც იყო უცნაური ხმები სხვენში, ნაბიჯები და მკვლელობის ჩადენიდან გვამების აღმოჩენამდე მოვლილი ცხოველები, შეიძლება ითქვას რომ სახლში მკვლელი შეიპარა, ჩაიდინა საზარელი დანაშაული და რამდენიმე დღის განმავლობაში დანაშაულის ადგილზე ცხოვრობდა.
ვიქტორია იყო ქვრივი, რომლის ქმარი გარდაიცვალა პირველ მსოფლიო ომში, ხოლო მისი ვაჟის ჯოზეფის მამა დღემდე უცნობია. მას ჰქონდა ურთიერთობა ლორენც შლიტენბაუერთან (ან შიბებაუერთან) – მამაკაცთან, რომელიც ხელმძღვანელობდა სამძებრო ჯგუფს, რომელმაც აღმოაჩინა ცხედრები – ორივე საჯაროდ მოიხსენიებდა იოზეფს, როგორც საკუთარ შვილს. ისინი აპირებდნენ დაქორწინებას – სანამ ანდრეასი არ ჩაერია და მათი ურთიერთობა არ დასრულდა. შლიტენბაუერი საბოლოოდ სხვაზე დაქორწინდა და მათ შეეძინათ შვილი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა.
პოლიციამ შლიტენბაუერი, როგორც ეჭვმიტანილი, შეიყვანა სიაში. მათ წამოიწყეს თეორია, რომ – ბავშვის სიკვდილით ტრავმირებულს არ სურდა ჯოზეფისთვის ბავშვის ალიმენტი გადაეხადა – ის მივიდა ფერმაში და მოკლა ვიქტორია მის ოჯახთან ერთად. თეორიას ამყარებდა ის ფაქტი, რომ პირველად გამოძიების დროს მასთან მყოფებმა მისი ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს; მათი თქმით, ის არაჩვეულებრივად იქცეოდა, უყურებდა სხეულებს უემოციოდ. მან ასევე იცოდა ფერმაში შესასვლელი ყველა გზა.
პოლიციამ შლიტენბაუერი დაკითხა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეძლო მისი დანაშაულზე მიბმა. ექსპერტები თვლიდნენ, რომ მისი არაჩვეულებრივი ქცევა შესაძლოა აიხსნას შოკით, ხოლო ფერმის ცოდნა ვიქტორიასთან ურთიერთობით.
შლიტენბაუერის ეჭვმიტანილებიდან აღმოფხვრის შემდეგ, პოლიციამ ვიქტორიას ქმარი, კარლ გაბრიელი დაკითხა. პოლიცია მიიჩნევდა, რომ ის ომიდან დაბრუნდა და შემდეგ ჩაიტინდა დანაშაული. ეს თეორია დიდხანს არ გაგრძელებულა: მათ მალევე აღმოაჩინეს, რომ კარლ გაბრიელი მოკლეს საფრანგეთში 1914 წლის 29 დეკემბერს, პირველი მსოფლიო ომის პირველ თვეებში. მისმა ბევრმა თანამებრძოლმა ამოიცნო მისი ცხედარი.
კიდევე რთი თეორიის თანახმად ვიქტორიას და მამამისის შვილი იყო ჯოზეფი. მათგან ერთ-ერთმა კი ეს დანაშაული ინცესტზე გავრცელებული ჭორების გამო ჩაიდინა. მეზობლები ანდრეასის მიდრეკილებას ინცესტისა და ძალადობისკენ ხშირად განიხილავდნენ. სავარაუდოდ, ანდრეასს კაზილიასთან ჰყავდა სხვა შვილებიც, მაგრამ ის ერთადერთი იყო, ვინც სრულწლოვანებამდე გადაურჩა მის ძალადობრივ ხელებს. მაგრამ სხეულებზე აღმოჩენილი ჭრილობები თვითდაზიანება არ ყოფილა. ამიტომ ექსპერტებმა ეს ვერსიაც მალევე უარყეს.
მკვლელი უნდა ყოფილიყო ის, ვინც ფერმაში არ ცხოვრობდა.
მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას დარწმუნებით: დანაშაული ჩადენილია იმის მიერ, ვინც იცოდა ფერმაში გზა, რასაც მოწმობს მკვლელობების შემდგომი ტერიტორიის და იქ მყოფი ცხოველების მოვლა-პატრონობა. მკვლელობების სისასტიკით ვარაუდობდნენ, რომ ისინი ჩადენილი იყო იმის მიერ, ვისაც პირადი შურისძიება სურდა ერთი ან რამდენიმე გრუბერის წინააღმდეგ.
პოლიციამ ვერ შეძლო დანაშაულის გახსნა და მალევე საქმე დახურა – თუმცა არა დიდი ხნით
მდუმარე თავისქალები
ჰინტერკაიფეკის საქმე რამდენჯერმე გაიხსნა. ნათელმხილველებსაც კი მიეცათ შანსი ჩართულიყვნენ ამ გამოძიებაში. თავის წიგნში Hinterkaifeck: Spuren eines mysteriösen Verbrechens (“Hinterkaifeck: საიდუმლო დანაშაულის კვალი”), ავტორი პიტერ ლეუშნერი დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოკვეთეს თავი გრუბერების ოჯახისა და მოახლის სხეულებს.
1923 წელს ოჯახი დაკრძალეს – თავის გარეშე – ვაიდჰოფენში მდებარე მიწის ნაკვეთზე. თავის ქალა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა. დანაშაულის ადგილზე შეგროვებული თავდაპირველი მტკიცებულებები ან დაკარგულია, ან ძალიან ძველი და დეგრადირებულია, თუმცა 2007 წელს ფიურსტენფელდბრუკის პოლიციის აკადემიამ ჰინტერკაიფეკის მკვლელობები ცივ საქმედ მიიღო. თავდაპირველი გამოძიების დროს გამოყენებული შედარებით ძირითადი სასამართლო ტექნიკის, ასევე დაკარგული მტკიცებულებებისა და ზოგიერთი ეჭვმიტანილის მოგვიანებით გარდაცვალების გამო, მათ ვერ შეძლეს მკვლელის საბოლოოდ გახსნა, თუმცა ისინი ყველა შეთანხმდნენ ერთ თეორიაზე.
დანაშაულთან დაკავშირებული ადამიანების და გადარჩენილი ოჯახის წევრების პატივისცემის გამო, ეს თეორია საიდუმლოდ რჩება. ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საზოგადოებამ ოდესმე გაიგოს ვინ ან რატომ ჩაიდინა მკვლელობები. .
ავტორი: ელენე ასაშვილი