“ფეისბუკის” მომხმარებელი ლალი ბაქანიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ვერის სასაფლაოზე ვიღაცეებმა მიზანმიმართულად ჯვრები დაამხვრიეს.
“წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა 14 ივლისს შუაღამეზე ვერის სასაფლაოზე! ვიღაცეებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები
ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო საფლავებზე ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია! ხსნიდნენ, ან ადგილზე ამტვრევდნენ, ან სხვის საფლავზე გადაჰქონდათ და იქ… არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცნობადი პიროვნება იყო თუ უცნობი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შერჩევით არ ამსხვრევდნენ, უბრალოდ ვიღაცის ბოროტ სულსა და გონებაში იშვა აზრი, რომ გაენადგურებინათ ჯვრები. ჯვარი განადგურებულია ერთ-ერთ უძველეს, საუკუნის წინ გარდაცვლილის საფლავზეც, ჯვრებთან ბრძოლოს ,,აქციაში” მოჰყვა ,,მზიურის” მომღერლის ქეთი ფირცხალავას საფლავზე აღმართული ჯვარიც. ვერის სასაფლაოზე გადაღებული ეს ფოტოები მომაწოდეს, რაც ეკლესიის ქვემოთ მდებარე საფლავებისაა, ეკლესიის ზემოთაც ყოფილა ჯვრები დამსხვრეული.
როგორც ამბობენ, ეს ,,უცნაურად” შემოსილ-შეღებილი სუბიექტები შეუნიშნავთ იმ ღამეს ვერის სასაფლაოს მიმდებარედ, უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ. მხოლოდ ერთს გავიმეორებ: ეს იყო მიზანმიმართული ბოროტული აქცია
პოლიციისთვის ფაქტი ცნობილია და იმედია დამნაშავეებს მიაგნებენ



P.S. კომენტარების გაცნობის შემდეგ, იძულებული გავხდი, რომ ეს დამატება გამეკეთებინა, რომ ეს ვანდალური ფაქტი ისევ ერთმანეთის სიძულვილსა და ცილისწამება – დეზინფორმაციაში არ გადასულიყო.
პირველად შევეხები ე.წ. მოლოქის ქანდაკებას! აღნიშნული ინსტალაცია, თქვენ რომ მოლოქს ეძახით, დაზუსტებული ინფორმაციით ლისის ტბის ტერიტორიაზე იდგა და ის თბილისის პრაიდ – ფესტივალს არ უკავშირდება.
სკულპტურა Open Air-ის, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის კუთვნილება იყო! ამის შესახებ ინტერვიუში საუბრობს ქეთა დონაძე, EYESTAGE-ის თანადამფუძნებელი და განმარტავს, რომ ქანდაკება Open Air-ის ერთ-ერთი სცენის (EYESTAGE) დეკორაციული ინსტალაცია იყოო.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება ეს ქანდაკება ირაკლი კეიდიას კომიქსით (ანუნაკებით) ინსპირირებული ინსტალაცია ფესტივალის ერთ -ერთი სცენისთვის შეიქმნა, ფესტივალის ორგანიზატორებმა არ დაშალეს მხოლოდ იმიტომ, ღამღამობით პროექტორით ნათდებოდა და ლამაზად გამოიყურებოდაო.
ასე რომ, ნუ ვიქნებით დეზინფორმაციის გამავრცელებლები!
ამის უფლებას ჩემს კედელზე არავის ვაძლევ არც ამ და არც სხვა შემთხვევაში და აუცილებლად ვცემ პასუხს. უნდა ვისწავლოთ ფაქტების გადამოწმება და ბრმად არ უნდა ვენდოთ ,,ავტორიტეტებს”, რადგან ეს პრობლემის მიზეზის დადგენას უშლის ხელს და სხვა სიბრტყეში გადააქვს!
და მესამე და მთავარი: ეს არც რუსებს ჩაუდენია და არც უკრაინელებს, თქვენ წარმოიდგინეთ არც ათეისტებსა და არც პრაიდის მონაწილეებს. ვინც ჩაიდინა, იმათ ეროვნების გაგება არა აქვთ… თუ დავფიქრდებით, უფრო რეალურ დასკვნას გავაკეთებთ, მიზეზებს ვიპოვით და მის აღმოფხვრაზე ვიზრუნებთ. ქვემოთ კომენტარებში მიწერია, ერთ-ერთი მიზეზი, არსებობს სხვაც, იქნებ თქვენც დაფიქრებულიყავით რეალურ მიზეზებზე და მის აღმოფხვრაზე გვეზრუნა! როდემდე უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის ლანძღვასა და სიძულვილში? ეს მართლმადიდებლურია? ცილი არ სწამოო, არ იცრუოო… ჩვენ კომენტარებში ამ მცნებებს ვარღვევთ მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით ვწუხვარ, რომ ამის დაწერა მიწევს!” – წერს ბაქანიძე