ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ პრეპარატ “რემდესივირთან” დაკავშირებით, რომელიც COVID19-ის წინააღმდეგ დამხმარე მედიკამენტად გამოიყენება, მოსახლეობაში უსაფუძვლო მოლოდინებია შექმნილი.
“ძალიან არასწორი პიარი მიდის, განსაკუთრებით მედიასაშუალებებით. “რემდისივირი” არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაშინ, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ. სხვადასხვა ხედვებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ პრეპარატთან დაკავშირებით. ისიც, რაც არის, სულ რამდენიმე დღით იწვევს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას.
შემოტევასავით წამოვიდა – სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, აი, ხვალიდან რემდისივირზე გადახვალთ, ხო? სულ არ პირებს მის გამოყენებას ჩვენი ძალიან გამოცდილი ექიმი, რამდენიმე თვეა მათ მკურნალობს და არანაირ საჭიროებას არ ხედავს. ეს არც პანაცეაა, არც პირდაპირი დარტყმითი მედიკამენტია ამ დაავადების წინააღმდეგ. ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ, ზედმეტი მოლოდინი “რემდისივირისგან” ნუ გექნებათ, არ არის ეს ის პრეპარატი, რომელიც ამ დაავადებას კურნავს და აქრობს. საწყის ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს რაღაც დადებითი ცვლილებები.
არც ბატონ თენგიზ ცერცვაძეს უთქვამს არასდროს, რომ რაიმე მედიკამენტი არსებობს კოვიდის წინააღმდეგს, რომელიც პირდაპირ ამ დაავადებას კურნავს. ეს ერთ-ერთი დამხმარე პრეპარატია. შესაძლებელია რაიმე კავშირი, ზუსტად თქმა სრულიად შეუძლებელია, შეიძლება სულაც დაემთხვა პრეპარატის მიღება გამოჯანმრთელების პერიოდს. ეს არის მედიკამენტი, რომელსაც სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს ერთ-ერთ დამხმარე მედიკამენტად, რომელსაც გამოიყენებს ექიმი რაღაც ეტაპზე, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ,”- განაცხადა დავით გადელიამ.