საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო, მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჯადაცვის მინისტრზე, ეკატერინე ტიკარაძეზე და მის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ გატარდეს საკადრო ცვლილებები.
კლინიკების გაერთიანება ასევე მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტების უფროსების და სამსახურების ხელმძრვანელების დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით.
გთავაზობთ კლინიკების ასოციაციის განცხადებას უცვლელად:
“საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია! სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს. დრო არ ითმენს! წინ ურთულესი გამოწვევებია… ამიტომ, საქართველოს კლინიკების ასოციაცია ღიად მიმართავს საქართველოს მთავრობას!
საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მართვაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ხარვეზებმა. ერთგვარად სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგად გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები. რაც საფუძვლად დაედო ისეთ კაბალურ დადგენილებებს, როგორიცაა მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება, მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება და სხვა. ყოველივე ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გარდა ამისა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზას სისტემა შეხვდა არასრულყოფილად მომზადებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაავადების ინვაზიის და ლეტალური გამოსავლის მკვეთრ ზრდაზე. დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები. ზაფხულის პერიოდში პანდემიის პრევენციის სქემა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და საგრძნობლად დაგვიანებული”. – წერია განცხადებაში.