გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.
კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.
კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩაატარა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ქუთაისის, ბათუმის გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტის 2 995 სტუდენტი გამოიკითხა. ორგანიზაციის ცნობით, სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.
“სტუდენტების 72 პროცენტი ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სტუდენტების 97 პროცენტს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია. სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ თუ მიხვდება, რომ სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება, არავის მიმართავს დახმარებისთვის და ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს (44%) – წერს ორგანიზაცია.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში წერს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალობა.
სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან გეგმავს სხვადასხვა ვებგვერდის, იუთუბ არხების, ინფლუენსერების ბლოგების, სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების დახმარებით.
ორგანიზაციის ცნობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც – პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.
კვლევაზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება.