29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 2 აპრილიდან კი ამინდი იცვლება და გამოიდარებს.
მათივე ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.
ამასთან, 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.