გთავაზობთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, რევაზ არველაძის ინტერვიუს.
არველაძე ბევრ ძველ, საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელიც განვლილი ცხოვრებას სხვადასხვა მოვლენას, მათ შორის ოჯახს, ძმებთან ურთიერთობასა და კარიერას უკავშირდება.
„ჩემი საგანძური
– ფეხბურთი მამაჩემმა შემაყვარა. ერთხელ, საღამოს დარბაზში წამიყვანა, სადაც მისი მეგობრები მინი-ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობდნენ. სახლში ხშირად მოდიოდნენ ზურა ყიფიანი, მერაბ მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, ზაზა ბოკერია, მიშა დაფქვიაშვილი, ლევან ჭაჭიაშვილი, ვალერი კობახიძე, შოთიკა ჭეიშვილი და სულ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. როდესაც ვკითხულობდი, მამა სადაა-მეთქი, მეუბნებოდნენ – მოსკოვში თასის ფინალზე, “დინამოს” მატჩზეა ან მსოფლიოს ჩემპიონატზეო. მოკლედ, ჩვენი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა. ეზოში ხომ, თავისთავად, სულ ვთამაშობდით.
– დედა ამას როგორ იტანდა?
– ვერ იტანდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელი გამოვიდოდი თუ ექიმი? ვარჯიში “ავაზაზე” დავიწყე, გუნდს ვერის პარკში ზურაბ მაისურაძე ავარჯიშებდა. ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა – ომარ თეთრაძე, გუბაზ დოლიძე, როინ კერძევაძე, თემურ შალამბერიძე, გია გულიაშვილი, ზაზა თურმანიძე. მერე 35-ე სკოლის გუნდში გადავედით და სკოლას ვამთავრებდით, 1971 წელს დაბადებულები რომ შემოგვიერთდნენ – ვასკა მაისურაძე, ზაალ ქოჩლაძე, მიშა ჩუბინიძე, მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული. მაგრამ მერე ერთი წელი, ფაქტობრივად, ფეხბურთზე არც მივლია, რადგან ინსტიტუტში ვაბარებდი და ვმეცადინეობდი.
– სწავლას ამხელა დროს უთმობდი?
– 55-ე სკოლაში უსწავლელობა არ გამოდიოდა და საკმაოდ კარგად დავამთავრე. მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელსაც იმის ენერგია არ ჰქონია, რომ მედალზე ესწავლა. ძალიან კარგი კლასი მყავდა. იქიდან დამრჩა უსაყვარლესი მეგობრები, ბიჭებიც, გოგოები. საბედნიეროდ, ისე ვიცხოვრე, რომ ძმობაში არავინ დამიკარგავს, გარდაცვლილ ბიჭს, ივანიშვილს თუ არ ჩავთვლით. მათი თავი ყველა საფეხბურთო რეგალიას, ტიტულსა და გამარჯვებას მირჩევნია. ესა ჩემი საგანძური.
– ბევრს ჩხუბობდით?
– ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მოჩხუბარი ვიყავი, დიდი წითური თმები უფრო გამომარჩევდა.
– შატალოზე ხშირად დადიოდით?
– ყველაზე დასამახსოვრებელი შატალო გითხრათ? ჩემ ძმაკაცთან, შაკო გარდაფხაძესთან მივედით და პირველად ვნახე “უჟასი” და ნახევრად სასიყვარული ფილმი. აზრზე მოდი, ვიდეო ვიქირავეთ! დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მაშინ მობილურები არ იყო და უბნის ინსპექტორები ვერ გვპოულობდნენ.
– განსაკუთრებით, რომელი საგნები მოგწონდა?
– ჰუმანიტარულები. მაგრამ ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კვირაში ერთხელ თუ ვვარჯიშობდი. ბავშობიდან მათემატიკა მარგად ვიცოდი, რადგან ბანქოს თამაში გათვლებს გასწავლის. ჭადრაკზეც დავდიოდი. ქიმიაში კი მომზადება დამჭირდა და მაგრად ვისწავლე. მაგიდის ჩოგბურთზე არ შევსულვარ, თუმცა კარგად ვთამაშობდი. ანტიკორუფციული თუ გამომეკიდება, შეიძლება, ბავშვობიდან მიზეზი მომიძებნოს, “მაზიანები” მაქვს მოგებული და გადასახადებს ვმალავდი.
– ახლაც თამაშობ?
– მხოლოდ 18 წლამდე. მერე ამისთვის ვის ეცალა.
“ტყუილია, სულ მდიდრები არ ვყოფილვართ”
– ხილიანზე ცხოვრობდი და ვაკეში რატომ სწავლობდი?
– ხილიანზე მერე გადავედით. თავიდან “პლეხანოვზე” პატარა ოროთახიანი სახლი გვქონდა. ბუნებრივია, ყველა ვერ ვეტეოდით. ამიტომ, ხშირად მიწვედა ვაკეში, ბებია-ბაბუასთან ან დედაჩემის მამიდებთან ცხოვრება და 1975 წელს 55-ე სკოლაშიც ამიტომ შემიყვანეს. დედის მხრიდან ბაბუა ცნობილი რეჟისორის, სიკო დოლიძის ძმა ბორისი იყო.
– და ორ ოთახში ცხოვრობდით?!
– დიახ, ასე იყო. “პლეხანოვზე” მარტო ჩვენ კი არ ვიყავით – მამაჩემის მშობლები და მამიდაჩემის ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. მაგარი ამბავი გამახსენდა: ერთი ხანობა, დიდუბეში გადავედით. ამ დროს, უკვე “დინამოშიც” ვთამაშობდი, 140 მანეთი ხელფასი დამინიშნეს. პირველ კურსზეც ვიყავი, სტიპენდიასაც ვიღებდი და ჯიბის ფულიც მქონდა. დედაჩემზე მეტი ხელფასიც მქონდა და მამაჩემზეც. დიდუბეშიც პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი “ლეჟანკაზე” უნდა დაწოლილიყო. ერთი, ტყუპებს კითხე, საწოლის გაცვლაში რამდენი “თუმანი” აქვთ აღებული? მატყავებდნენ.
– რომელი უფრო “იმაზებოდა”?
– ორივე! ეს ხუმრობით, თორემ ჩვენ არაფერს ვყოფთ. კარგი ძმები რომ მყავს, ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, რომლის ფასიც ვერც ერთი საფეხბურთო ტიტული ვერ იქნება.
– არადა, ყველას ჰგონია, რომ თქვენს ოჯახს სიმდიდრე ოდითგანვე მოსდგამდა.
– ტირილს არ დავიწყებ. მაგრამ ყველამ იცის, მამაჩემი და დედაჩემი ვინ არიან. საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, შესაძლოა, ჩვენ პრობლემებიც გვქონოდა. 20 წლის განმავლობაში, დედაჩემი სასწრაფოში მუშაობდა და სამ დღეში ერთხელ ღამეს ათენებდა. მდიდრები რომ ვყოფილიყავით, ასე იქნებოდა?
მაგრამ ესეც არველაძეებზე აგორებული ერთ-ერთი ჭორია. ესაა ბოღმა, შური, მამაძაღლობა. ამას ბავშვობაში ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან რაღაც ეტაპამდე ვერ ვხვდებოდი, რა იყო ღვარძლი და შური. მერე, ვიყავით “დინამოში”, ნაკრებში, უცხოეთში, მეტი წარმატება მოვიდა და შესაძლოა, ძმები ვიღაცას არ მოსწონდა.
არველაძეებმა დაგვღუპესო?!
– არ გაგიგიათ, ქართული ფეხბურთი, თურმე, არველაძეებმა რომ დავღუპეთ?
– როგორ არ გამიგია. ბევრი გულშემატკივარი ამაშიც დარწმუნებულიცაა და თქვენს წინააღმდეგ დიდი აგრესიაც დაგროვდა.
– ეს ტექსტიც ამ ღვარძლიანი სერიალიდანაა. უფროსები მეუბნებოდნენ, რომ ყურადღებით უნდა იყოო. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს წარმატების თანმდევი მომენტია. არასოდეს მქონია ილუზია, რომ არველაძეების წარმატება ყველას უხაროდა. მაგრამ თუ ქვეყნის დაქცევაა სუპერთასის და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩამოტანა, ელიტ რაუნდების მასპინძლობაზე, შოთას და აჩიკოს გოლებსა და უცხოეთში ქართველების გაყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაშინ, არველაძეებს ქართული ფეხბურთი მართლა დაგვიღუპია.
– ახლა გულშემატკივრები იმ ლეგიონერებზე ბრაზობენ, ნაკრებში ჩამოსვლა რომ არ სურთ. ძმებ არველაძეებს კი გაბრალებდნენ, სამივეს ძირითად შემადგენლობაში თამაში სურდათო.
– აბა, როგორ?! იმ ფეხბურთელს რა ვუთხარი, ძირითადში თამაში რომ არ უნდა და სკამის ხეხვას კმაყოფილდება. თქვენ გგონიათ, არ მესმოდა, ჩემზე მაგარი ფეხბურთელები რომ იყვნენ? მაგრამ თამაშის ჟინი მქონდა და ეს ცუდია??
ვერავინ დამისახელებს ადამიანს, რომელსაც გულით არ მოვუსმინე, ვინც იტყვის, რომ ხელი შევუშალე და ა.შ. მაგრამ უმადურობასაც შეჩვეული ვარ. წერონ და იკითხონ. ამაზე ნერვები არ მეშლება. კონცენტრირებული ვარ, რაც შეიძლება მეტი სასიკეთო საქმე რომ გავაკეთო და ვერასოდეს მივიღებ პრეტენზიას იმ ხალხისგან, რომლებიც ფეხბურთის და, ალბათ, ცხოვრების აზრზეც არ არიან.
– სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდი სხვადასხვა პრეზიდენტებთან მუშაობას? ყველას შენ ჭკუაზე ატარებდი?
– არავის ჩემს ჭკუაზე არ ვატარებ. ბევრმა რომ იაროს, ბარე, უკეთესი კი იქნება, მაგრამ ასე სადაა (იცინის)? სხვათა შორის, მერაბ ჟორდანიასთან სულ ორი თვე ვიმუშავე და მერე დაიჭირეს. მისი ციხიდან გამოყვანა ჩემთვის იყო პირველი ამოცანა და არა ნაკრების გოლები, ჟირესისთვის თუ ახალგაზრდულისთვის თამაშების დაგეგმვა. საერთოდ, ფედერაციის პრეზიდენტის დაჭერა ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ფეხბურთი ქვეყნის იმიჯთან ასოცირდება.
– თავიდან, თითქოს, ურთიერთობა ნოდარ ახალკაცთან ვერ აგეწყო.
– იოლი ნამდვილად არ იყო. მაგრამ გავიდა დრო და ადამიანური ურთიერთობა და საქმის კეთება შევძელით.
– თავიდან კარგად განწყობილი სიჭინავაც არ იყო.
– მოვიდა კაცი და დამნიშნა. ჩემთვის კი მიუღებელია, ადამიანთან რომ მუშაობ და მერე მას უკირკიტებ. დაგისახელებთ გენერალურ მდივნებს, 25 წელი რომ უმუშავიათ. მომხსნან, მერე, რა შეიცვლება? არჩეული ვარ თუ ვინმეს ადგილს ვიკავებ? ჩვენთან ადამიანის შეფასების კრიტერიუმია, ვისკენაა ის და არა ის, რა განათლება, ინტელექტი აქვს და რა გაუკეთებია.
– “კიოლნში” თამაში იდეალურად დაიწყე, პირველივე შეხვედრაში გაიტანე. ბუნდესლიგაში კარიერა რატომ ვერ აგეწყო?
– “კიოლნი” ვიღას ახსოვს. ამ დღის შემდეგ შემეძლო, საქართველოში კიდევ 10 წელი არ ჩამოვსულიყავი, ევროპაში მეცხოვრა და მეთამაშა. ეს ჩემი ჩემი პროფესიონალური შეცდომა იყო. მაგრამ “დინამოში” დავბრუნდი და სხვაგვარად მოქცევა არც შემეძლო. მერე კი ბუცები ჩამოვკიდე, გერმანიაში წავედი, ვისწავლე და სამწვრთნელო ლიცენზია ავიღე. მაშინ გუნდისთვის ფორმები ტყუპებმა იყიდეს, ფული მოვიტანეთ და მწვრთნელის რანგში, ზედიზედ 11 მატჩი მოვიგე. ესეც ხომ არავის ახსოვს? მე რომ უნდა შევმჯდარიყავი, იმ ევროპულ მატარებელს სხვა შეახტა, მე კი დამაგვიანდა“ .
წყარო: ambebi.ge