„ღვთაებრივი კომედია“, „ხანუმა“, „ჭინჭრაქა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჯაყოს ხიზნები“… ეს იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ნანა ფაჩუაშვილმა კარიერის დაწყებიდან დღემდე ითამაშა. მდიდარია მისი ფილმოგრაფიაც – სხვადასხვა დროს მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლი არაერთ ცნობილ ფილმში შეასრულა. ნანა ფაჩუაშვილი 2 იანვარს 80 წლის გახდა. რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მის საიუბილეო საღამოზე, მსახიობის საავტორო დოკუმენტური ფილმის, „მე და ჩემი 88 ანარეკლი“ ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტურ ფილმში ნანა ფაჩუაშვილი თავისი ცხოვრების შესახებ ჰყვება. მისი განვლილი გზა კი, წარმატებასა და
პოპულარობასთან ერთად, სავსე იყო ტკივილითა და ტრაგედიითაც.
მსახიობობა ნანა ფაჩუაშვილის ოცნება იყო და ეს ოცნება მას რეჟისორმა სიკო დოლიძემ აუხდინა, დოდო ალექსიძემ კი მისი სამსახიობო უნარებისა და კარიერის განვითარებას შეუწყო ხელი. ნანა ფაჩუაშვილი 1964 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის სცენაზეა და აგრძელებს დაუვიწყარი როლების შექმნას.
როცა მომავალი მსახიობი საოცნებო პროფესიას ეუფლებოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ის პირველ სიყვარულს, ტრისტან ყველაიძეს შეხვდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ეს თავად წყვილს სურდა. მსახიობმა მოგვიანებით თამაზ აფხაიძეზე იქორწინა, თუმცა ქორწინებიდან 4 თვის თავზე 19 წლის ნანა დაქვრივდა. მისი მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მას დენმა დაარტყა. ამ დროს ნანა ორსულად იყო. შვილს მამის, თამაზის სახელი დაარქვა.
ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე ნანა ფაჩუაშვილისა და ტრისტან ყველაიძის გზები კვლავ გადაიკვეთა, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და მივიწყებული სიყვარულიც გაცოცხლდა. წყვილი დაქორწინდა, თუმცა პირველი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული შიში მსახიობს მოსვენებას არ აძლევდა. შიში კი უსაფუძვლო ნამდვილად არ აღმოჩნდა – საყვარელმა ადამიანმა, სრულიად ახალგაზრდამ, ინფარქტი გადაიტანა, 55 წლის ასაკში კი ტრისტან ყველაიძე გარდაიცვალა.
„როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიცოცხლებდი შვილებისთვის, პროფესიისთვის. ავიყვანე თავი ხელში. მუდმივად დატვირთული ვიყავი, რომ ფიქრის დრო არ მქონოდა. გავრბოდი რეპეტიციებზე, შვილთან და შვილიშვილთან, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვთამაშობდი ათონელის თეატრში, რუსთაველის თეატრში. ამან გამაძლებინა. პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, ვისაც უნდოდა, თეატრში ვენახე” – ამბობდა ნანა ფაჩუაშვილი.
მსახიობმა წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად შეძლო აქტიური ცხოვრების გაგრძელება. მიუხედავად გადატანილი ტრაგედიებისა, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, „სამოთხის ვაშლების“ ერთ-ერთი წამყვანი იყო. პარალელურად, აგრძელებდა სამსახიობო კარიერასაც და 70 წლის ასაკში მას რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს.
ეს სიხარული, სამწუხაროდ, ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან მსახიობს ცხოვრებამ კიდევ ერთი და ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა – 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი შვილი, თამაზი. მან უარი თქვა სპექტაკლებში მონაწილეობაზე და ყველას სთხოვა, მის ტრაგედიაზე საუბრისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
“მარტო ვარჩიე ცხოვრება, მარტო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ იყო საშიშროება, ცუდად გავმხდარიყავი. ჩემი ქალიშვილი უცხოეთში ცხოვრობს და ჩემი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ის დარჩა სამი თვე ჩემთან. მოულოდნელად ცუდად გავმხდარვარ, ორდღიანი ამნეზია დამემართა. მიხვდა ჩემი ქალიშვილი, რომ ვერ ვიყავი კარგად, დარეკა, მოვიდნენ ჩემი შვილიშვილები. მე ამ დროს სად ვარ, რეალობას მოწყვეტილი, დავფრინავ, იცით, რა კარგი იყო…
სასწრაფო მოვიდა და არ მივყვებოდი. რად მინდა სასწრაფო-მეთქი. გონზე რომ მოვედი, საავადმყოფოში ვიყავი. ბეწვზე გადავრჩი. როდესაც პალატაში ჩემი შვილიშვილი, ლევანიკო შემოვიდა და საწოლთან მისი ხელი დავინახე, ვკითხე, კი მაგრამ, შენ რატომ ხარ აქ, თამაზი სად არის-მეთქი. თან ვნერვიულობდი, რომ არ იყო, თან ვეკითხებოდი. ეს დამემართა შვილის დაღუპვიდან თვე-ნახევარში. აი, იქ უკვე მიხვდნენ, რომ ვერ ვარ… ნუ გეშინია, მოვაო, მამშვიდებდა. იმის შემდეგ სულ ეშინია ლევანს, ხშირად მეკითხება, – ნანა, როგორ ხარ?
ახლა ძალიან მიჭირს. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება. არ მინდა, ამაზე ვისაუბრო და საზოგადოებას თავს მოვახვიო ჩემი დარდი. ვიცი, რომ ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია, უდიდესი ძალისხმევა მჭირდება. ისევ თეატრი მეხმარება, რომ მძიმე დღეები გადავაგორო“, – ამბობდა ნანა ფაჩუაშვილი.
ნანა ფაჩუაშვილი შვილთან ერთად
მიუხედავად ტკივილით სავსე პირადი ცხოვრებისა, ნანა ფაჩუაშვილმა შეძლო, შეექმნა დაუვიწყარი როლები თეატრის სცენასა და ტელეეკრანებზე. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, რომელსაც ის დღემდე აქტიურად აგრძელებს, მსახიობმა უამრავი ადამიანის გული მოიგო და მეტიც, ქართული თეატრის ისტორიაში საკუთარი სახელი და გვარი ოქროს ასოებით ჩაწერა. ამას მისი ჯილდოების ვრცელი სიაც მოწმობს – ნანა ფაჩუაშვილს მიღებული აქვს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ჯილდო.